
დღეს, ლა ლიგაში მე-12 ადგილზე მყოფი „მალიორკა” მე-13 ადგილზე მყოფ „ვალენსიას” ხვდება. გიორგი მამარდაშვილისა და „ღამურებისთვის” ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა. მის შედეგზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული დარჩება „ვალენსია” უმაღლეს ლიგაში თუ გავარდება. ამის შემდეგ ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი ტურიღა დარჩება.
ესპანეთში კი არა და არ ჩემდება წინა ტურში „მესტალიაზე” მომხდარი „ვინისიუსის საქმის” ექო. ყველა ცდილობს დაგმოს რასიზმი და მხარში დაუდგეს „რეალის” ბრაზილიელ გარემარბს. სწორედ ამის გამო ვიფიქრეთ, რომ დამატებითი ციტატების გადმოქართულებას, სადაც ეწერება, კიდევ ვინ და რა სიტყვებით გამოხატა თანადგომა ვინისიუსისადმი, აჯობებდა ვალენსიური პოზიციის გაცნობა, სადაც წერია, რომ ესპანური ფეხბურთის თავკაცები მათ კლუბს სამართლიანად არ მოექცნენ.
მოგეხსენებათ, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ ხუთ თამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა მარიო კემპესის სახელობის ტრიბუნას ანუ სტადიონის ნაწილი დაისაჯა. ვალენსიური მედია წერს, რომ აქამდე, ასეთი რამ მსგავსი ინციდენტების დროს, თავში აზრად არავის მოსვლია. გარდა ამისა, ვალენსიელების აზრით, ვერდიქტი ეფუძნება ტყუილს, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტშიც აისახა. ის, რაშიც „მესტალიას” ადანაშაულებენ, არც კლუბს გაუგია და პოლიციისა ლა ლიგის პატაკებსაც ეწინააღმდეგება. ყველაზე დიდი სიცრუე კი superdeporte-ს მტკიცებით არის ის, თითქოს წითელი ბარათის შემდეგ გვირაბისკენ მიმავალ ვინისიუსს ტრიბუნებიდან „მაიმუნოს” უყვიროდნენ. ტრიბუნები სკანდირებდნენ „სულელოს”, ესპანურად კი ეს ორი სიტყვა ერთმანეთს ჰგავს.
ეს რომ ასე იყო, თურმე ჩანაწერების გარდა ზემოხსენებული პატაკებითაც მტკიცდება. superdeporte წერს, რომ თვით „რეალის” მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, რომელმაც თავიდან, პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ვინისიუსს შეურაცხყოფას მთელი სტადიონი აყენებდა, 48 საათის შემდეგ ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ სკანდირება მაყურებლის მხოლოდ ერთი ჯგუფისგან ისმოდა. მაგრამ, სადისციპლინო კომიტეტმა ჩამოთვლილი არგუმენტებიდან ერთიც არ გაითვალისწინა და ვერდიქტი „რეალის” ჩვენებაზე დაყრდნობით გამოიტანა.
ვალენსიური მედიის მტკიცებით კიდევ ერთი ტყუილი არის ის, თითქოს სტადიონის მისადგომებთან შეკრებილი გულშემატკივარი ვინისიუსს მაიმუნს თამაშის დაწყებამდეც ეძახდა. იგივე superdeporte წერს, რომ კადრებს, რომლებიც მთელს ესპანეთში გავრცელდა, ხმა არ ადევს. პორტალი აცხადებს, როდესაც მატყუარები მიხვდნენ, რომ ტყუილში გამოიჭერდნენ და კადრებს ხმა ჩაუხშესო.
ბოლო ტყუილი კი ვინისიუსის გაძევების ეპიზოდთან ყოფილა დაკავშირებული. ვინისიუსს მსაჯმა წითელი ბარათი იმიტომ აჩვენა, რომ VAR-მა აჩვენა კადრი, რომელშიც ბრაზილიელი ვალენსიელ უგო დუროს ხელს არტყამს. ატყდა ერთი ამბავი. „რეალმა” მოითხოვა იმ მოვლენათა კადრები, რომლებიც გარტყმას უსწრებდა წინ. ასეთ კადრებს ვერსად მიაგნეს, რის გამოც VAR-ის მომსახურე მსაჯები დასაჯეს, ვინისიუსს კი დისკვალიფიკაცია მოუხსნეს, რადგან თურმე ხსენებულ გარტყმას წინ უგო დუროს მიერ მისთვის ყელში ხელის წავლება უძღოდა. კეთილი, მაგრამ რის საფუძველზე დაამტკიცეს, რომ დურო ვინისიუსს ყელში სწვდა? VAR-ს ხომ კადრები არ აქვს. განა სწორედ ამისთვის არ დაისაჯნენ მისი მომსახურე მსაჯები?