Video: Juan Cala- Diakhaby, un lío con dos versiones„მესტალიაზე”, „ვალენსიასა” და „რეალის” შეხვედრაში მომხდარ ინციდენტს დასასრული არ უჩანს. მატჩის დამთავრების შემდეგ „კადისის” ფეხბურთელმა ხუან კალამ, რომელსაც ორი წლის წინ ვალენსიელი მუკტარ დიაკაბის შეურაცხყოფას აბრალებდნენ, დიაკაბისა და გაბრიელ პაულისტას გასაგონად საჯაროდ დაწერა: „დღეს პაულისტას და მის მეგობარს მოედანი განაწყენებულებს არ დაუტოვებიათ. დღეს არ გაუკეთებიათ განცხადებები, არ მოუტანიათ მამხილებელი ვიდეოჩანაწერები, სამაგალითო გულშემატკივრები მოწმეებად არ მოუყვანიათ. დრო და მხოლოდ დრო მიუჩენს ყველა კლოუნს თავის ადგილს”.

კალას მესიჯის შინაარსი გასაგებია: „ვალენსიამ” „რეალს” მოუგო და გახარებულ დიაკაბისა და პაულისტას რასიზმი აღარ გახსენებიათ.

დიაკაბიმ ეს გზავნილი წაიკითხა და პასუხი არ დააგვიანა. თუმცა, მან უპირველეს ყოვლისა ვინისიუსს დაუჭირა მხარი, დაგმო რასიზმი და იმედი გამოთქვა, რომ მისი კლუბი დამნაშავეებს ჯეროვნად დასჯის. შემდეგ მან „კადისის” მცველს მიმართა: „შენ იმიტომ განაგრძობ ლაპარაკს, რომ თავის დროზე კარგად დაგიცვეს. იქნებ დროებით მაინც გაჩუმდე”.

შავკანიანი ფრანგი კალას ბრალს დებდა, რომ მან „შავი მძ…ი” უწოდა.

დიაკაბის პასუხს კალასგან პასუხის პასუხი მოჰყვა: „გაჩუმებას არ ვაპირებ, რადგან იგივე უფლებები მაქვს, რაც შენ. არც მეტი და არც ნაკლები. ვიმეორებ, გუშინ თქვენს სტადიონზე რასიზმის ინციდენტი მოხდა, მაგრამ შენ და შენს კოლეგას მოედანი ვინისიუსის სოლიდარობის ნიშნად არ დაგიტოვებიათ. მე კი გარწმუნებ, რომ თუ ტრიბუნიდან ვინმე ჩემს თანაგუნდელებს მომოს, ჩოკოს, თეოს ან ავერს შეურაცხყოფს, იმ სულელს სტადიონიდან პოლიციას კი არ გავაგდებინებ, ჩემი ხელით მოვისვრი კინწისკვრით. ადრეც ვთქვი, რომ ცხოვრება ყველას თავის ადგილს მიუჩენს. შენი პორტრეტი შენმავე ქცევამ უკვე სრულად დახატა”.