Monza - Napoli 2 - 0-2246იტალიურ პრესაში წერენ, რომ „ნაპოლის” ის შემადგენლობა, რომელმაც სკუდეტო მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე მოიპოვა, „ინტერთან” სათამაშოდ მზად არის. გამოჯანმრთელდა მარიო რუი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „მილანთან” თამაშის დროს დაშავდა. ერთადერთი, ვინც 36-ე ტურის შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, არის მექსიკელი ირვინგ ლოსანო, რომელიც ისეა დაშავებული, რომ მოედანზე მომავალ სეზონამდე ვეღარ ვიხილავთ.

ბოლო ხანს ყურადღების ცენტრში მოექცა ნეაპოლელთა მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი. არა და არ მთავრდება მითქმა-მოთქმა იმაზე, დარჩება ტოსკანელი კამპანიის დედაქალაქის გუნდში თუ სხვაგან გადავა. მაგრამ, ასეა თუ ისე, იტალიელი ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ დღეს „ნერაძურის” წინააღმდეგ მას მოედანზე საუკეთესო შემადგენლობის გაყვანა სურს. საჩემპიონო ზეიმი დროებით უნდა შეწყდეს, რადგან „ინტერთან” დაპირისპირება პრინციპული საქმეა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დღეს „დიეგო მარადონაზე” „პარტენოპეელთა” კარში კვლავ ალექს მერეტს ვიხილავთ. დაცვის მარჯვენა ფრთაზე თავიდანვე კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო დადგება — მოგეხსენებათ, ის მონცაში სასტარტო შემადგენლობაში არ იყო. უკანახაზელთა დარჩენილი სამეული კი ასეთი იქნება: კიმ მინ-ჯაე, ამირ რაჰმანი და მატიას ოლივერა.

ნახევარდაცვაში მოსალოდნელია, რომ სტანისლავ ლობოტკას მარცხნიდან და მარჯვნიდან ანდრე-მარკ ზამბო ანგისა და პიოტრ ჟელინსკი ამოუდგებიან, მარჯვენა გარემარბის ადგილს კი ალბათ მაინც ელიფ ელმასი დაიკავებს და არა მატეო პოლიტანო. იტალიელმა ტრავმის მერე ჯერ კიდევ ვერ აღიდგინა სასურველი ფორმა.

იტალიური პრესის აზრით ცენტრალური თავდამსხმელის საქმეს უეჭველად ვიქტორ ოსიმენი შეასრულებს. ბევრჯერ უთქვამთ და ერთხელაც გავიმეოროთ, რომ ნიგერიელი სერია A-ს ბომბარდირობისთვის იბრძვის, მისი კონკურენტი კი სწორედ „ინტერის” არგენტინელი ფორვარდი ლაუტარო მარტინესია. შესაბამისად, დღევანდელი მატჩი ბომბარდირობის მსურველთა სასეირო დაპირისპირება გამოდის.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მასზე ბოლო დღეებში ამბობდნენ, რომ დაშავდა და გუნდთან ერთად ვეღარ ემზადება, მაგრამ გუშინ ქართველმა ჩვეულებრივად ივარჯიშა და დიდი ალბათობით პირველივე წუთიდან მოედანზე იქნება. სპალეტი სასტარტოში ჯაკომო რასპადორის თამაშს ისევ კვარაცხელიას გამოყვანას ამჯობინებს.

და ბოლოს, არის შემადგენლობის კიდევ ერთი ვარიანტი: მარჯვენა გარემარბად შეიძლება პოლიტანომ ითამაშოს, შესაბამისად, ელმასმა ნახევარდაცვაში გადაინაცვლოს, ხოლო ჟელინსკი სათადარიგოთა სკამზე დაჯდეს.