იტალიის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტის წინააღმდეგ — კვირას „მარადონაზე” „ნაპოლი” – „ინტერია”. ლუჩანო სპალეტის „აძური”, რომელმაც ტრიკოლორი სეზონის დამთავრებამდე ხუთი ტურით ადრე შემოიხვია, ეთამაშება სიმონე ინძაგის „ნერაძურის”, რომელმაც სამშაბათს ნახევარფინალში „მილანი” დაამარცხა.
„ილ მატინო” წერს, რომ სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, კვირის შეხვედრას პრაქტიკული მნიშვნელობა მხოლოდ მილანელებისთვის აქვს — ფინალში „მანჩესტერ სიტისთან” წაგების შემთხვევაში ხომ უნდა მოიპოვონ „დიდყურა თასის” მომდევნო გათამაშებაში მონაწილეობის უფლება. მეორე მხრივ, „მონცაში” ჩაფლავებული „ნაპოლი” ყველა ღონეს იხმარს, რათა თავისი მაყურებლის წინაშე პირი არ შეირცხვინოს. დაუსრულებელი ზეიმი და საბრძოლო განწყობის დაკარგვა გასაგებია, მაგრამ ყველა დარჩენილ შეხვედრაში მოედნის თავჩაქინდრული დატოვება სირცხვილია. გარდა ამისა წესითა და რიგით სპალეტის ბიჭებს პირველ წრეში ნაწვნევი წაგებისთვის შურისძიება უნდა სწყუროდეთ. გეხსომებათ, რომ წაუგებლად მიმავალ, თავმომწონე „პარტენოპეელებს” სწორედ „ინტერმა” აწვნევინა პირველი მარცხი, რაც მათთვის ნაახალწლევს მწარე მოსანელებელი გამოდგა. „სან სიროზე” მომავალ ჩემპიონს გოლი ედინ ჯეკომ გაუტანა.
არის კიდევ ერთი ფაქტორი: მიმდინარე სეზონში ვიქტორ ოსიმენს 23 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირობა სურს, მაგრამ ზურგსუკან მდევრის სუნთქვას გრძნობს — „ინტერის” არგენტინელი თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი მას მხოლოდ სამი გოლით ჩამორჩება.
თავი იჩინა პრობლემამაც: ოსიმენს გრიპი შეეყარა და სამი დღეა ვერ ვარჯიშობს. თუ ნიგერიელი მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს, მაშინ ნეაპოლელებს ლაუტაროს გამგელებული დევნა მოუწევთ, რათა ის ოსის არ წამოეწიოს.
და ბოლოს, საინტერესოა, რომ ეს მეტოქეები ერთმანეთს შეიძლება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეხვედროდნენ ერთმანეთს. „ნაპოლის” უიღბლო პერიოდი რომ არ ჰქონოდა და „მილანთან” მეოთხედფინალი არ წაეგო…