საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეხუთედ მოხვდა. 22 წლის ქართველი თავდამსხმელი ამჯერად „გრენობლთან“ მატჩისთვის გამოარჩიეს.
ამ შეხვედრაში, რომელიც „მეცმა“ მინიმალური ანგარიშით მოიგო, მიქაუტაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო – მან ჯერ საგოლე პასი მიაწოდა იალოუს, შემდეგ კი მასთან უხეშობის გამო „გრენობლის“ მცველი ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს.
მიქაუტაძეს ლიგა 2-ის 34 თამაშში 22 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს. ის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა. ამასთან, ქართველი ფორვარდი ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოპოვების ერთ-ერთი კანდიდატია.
35 ტურის შემდეგ „მეცს“ 65 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ ერთი ქულით ჩამორჩება. საფრანგეთის ლიგა 1-ის საგზურის წელს ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.
„მეცი“ მომდევნო შეხვედრას 20 მაისს სტუმრად „გენგამთან“ ჩაატარებს, მისი კონკურენტი „ბორდო“ კი „ლავალს“ უმასპინძლებს.