„ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში საქართველოს აგერ უკვე სამი ათეული წელია, „სარბიელის“ გამომცემელი ზურაბ ფოცხვერია წარმოადგენს. ვერ დავიჩემებთ, რომ ჟიურის მასზე უფრო სტაჟიანი წევრი არ ჰყავს, თუმცა ამას არც აქვს რაიმე მნიშვნელობა. უდავო ის არის, რომ „ოქროს ბურთზე“ პრესტიჟული გამოკითხვა ევროპულ ფეხბურთში არ არსებობს.
„ფრანს ფუტბოლმა“ ზურაბ ფოცხვერიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ქართულ თარგმანსაც სიამოვნებით წარმოგიდგენთ.
დიდი პატივია იყო „ოქროს ბურთის” ჟიურის წევრი. მინდა მადლობა გადავუხადო „ფრანს ფუტბოლს” ამ გამოკითხვაში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის (1994 წლიდან!). „ოქროს ბურთი” ისტორიული, ყველაზე ლამაზი პრიზია. დღეს, ნებისმიერ ჟურნალსა თუ ორგანიზაციას შეუძლია საკუთარი ჯილდოს დაწესება, მაგრამ „ოქროს ბურთის” გამოკითხვა ყველაზე მნიშვნელოვან და სამართლიან გამოკითხვად დარჩება.
ჩემი სიმპათიები თანამედროვეებთან შედარებით უფრო ძველი ფეხბურთელებისკენ იხრება, მაგრამ სასიხარულოა, რომ დიდი მოთამაშეები ჯერ კიდევ არსებობენ. „ოქროს ბურთი” წლების განმავლობაში კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის საკუთრება იყო. ისინი უდიადესნი იყვნენ და დაიმკვიდრეს ადგილი პელეს, მარადონას თუ კრუიფის გვერდით… მე არჩევანის გაკეთებისას უპირატესობას ყოველთვის რონალდუს ვანიჭებდი, რადგან რონალდუ სხვადასხვა გუნდში იყო საუკეთესო, მესი კი ერთ კლუბში ბრწყინავდა. კრიშტიანუ რონალდუს გავლენა თავისი ქვეყნის ნაკრებზე ასევე გაცილებით დიდი იყო, ვიდრე მესის გავლენა არგენტინის ნაკრებზე. ვფიქრობ, განსხვავებული მოსაზრებების არსებობა ბუნებრივია. იმისათვის, რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთონ, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და მსოფლიოს ჟურნალისტებს თავიანთი პირადი დამოკიდებულება ჰქონდეთ.
იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს შესაძლებლობა მომეცემა, „ოქროს ბურთის” გამოკითხვაში ხმა ქართველ ფეხბურთელს მივცე. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. ქართული ფეხბურთი ნიჭით მართლაც მდიდარია. ჩვენი ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი (გუნდს სათავეში 2021 წლის თებერვლიდან უდგას) ფაქტობრივად მხოლოდ 20-22 წლის მოთამაშეებთან მუშაობს. ჩვენ თამაშის ხარისხი ბევრად გავაუმჯობესეთ და ახლა უფრო ძლიერ მეტოქეებს ვეთამაშებით, როგორებიც არიან ნორვეგია, ესპანეთი… საკუთარი ოსტატობის დამტკიცება მოგვიწევს. ევრო 2024-ის მსგავსი შეჯიბრების ფინალურ ეტაპზე გასვლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან საქართველოში ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის. ქართველებს ჯერ კიდევ ახსოვს წარსული წარმატებების გემო, როგორიც იყო 1981 წელს თბილისის „დინამოს” მიერ თასის თასის მოგება (2:1 იენის „კარლ ცაისთან”). მაშინ, ყველა ფეხბურთელი და მწვრთნელი ქართველი იყო. იმ გუნდიდან „ოქროს ბურთის” ნომინაციაში მოხვდნენ რამაზ შენგელია (მე-7; 10 ქულა), ალექსანდრე ჩივაძე (მე-8; 9 ქულა) და დავით ყიფიანი (მე-11; 6 ქულა).
ჩვენთვის გასაკვირი არ არის, მაგრამ ვამაყობთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია აგრძელებს ქართული ფეხბურთის ამ დიდ ისტორიას და ტრადიციას. ის მაგალითია აქაური ბავშვებისთვის, რომლებიც ქუჩაში მაისურით დადიან. კვარაცხელია უკვე ყველაზე პოპულარული ადამიანია ქვეყანაში. „ნაპოლის” ყოველი საშინაო თამაშის წინ თბილისიდან (საქართველოს დედაქალაქი) იტალიის მიმართულებით სპეციალური რეისი დაფრინავს. მის მატჩებს „ნაპოლისა” და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მთელი ქვეყანა უყურებს. ხვიჩასთვის წლეულს პირველი სეზონია იტალიაში და ამიტომ რეიტინგის სათავეში არ არის, მაგრამ სავსებით შესაძლებელია ის „ოქროს ბურთის” ნომინანტებში მოხვდეს. „ოქროს ბურთის” მოგებაზე თუ ოცნებობს? მას აქვს ძლიერი ხასიათი და ყოველთვის ცდილობს მომდევნო დღეს უკეთესი იყოს. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ერთ დღეს შეიძლება ის საუკეთესო გახდეს.