ნეაპოლურმა გაზეთმა „ილ მატინომ”, რაც დილას ნიშნავს, გამოაქვეყნა პინო ტაორმინას წერილი „ნაპოლის” მწვრთნელის ლუჩანო სპალეტისა და მეპატრონის აურელიო დე ლაურენტისის შესახებ. ჟურნალისტმა მიმოიხილა სპალეტის წასვლა-დარჩენის საკითხი და განმარტა დაახლოებით რა მდგომარეობა ახლა.
ტაორმინა წერს, რომ ყველგან, სადაც მწვრთნელი მიდის, გულშემატკივრები უყვირიან: დარჩი ჩვენთან! და მაინც, არსებობს შიში, რომ მან შეიძლება „აძური” დატოვოს. სპალეტი ყველას უღიმის, მადლობას უხდის, სელფის გადაღებაზე უარს არავის ეუბნება, მაგრამ შესაძლოა თავადაც არ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. იქნებ, გადაწყვეტილების მიღებამდე ჯობს ჯერ სეზონი დამთავრდეს? იქნებ ჯერ კიდევ მოსალოდნელია საზოგადოებასთან დაპირისპირება? ვინ იცის, მწვრთნელი იმასაც ხვდება, რომ იმაზე მეტს, რასაც წლეულს მიაღწია, „პარტენოპეელებთან” ერთად ვეღარ მიაღწევს?
ერთი აშკარაა: ლუჩანონესთვის ფული მთავარი არ არის. კლუბი კი მას კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს. სპალეტის დღევანდელი ხელფასი პრემიების გარეშე სეზონში 2,7 მილიონი ევროა. თუ კონტრაქტი განახლდება, დე ლაურენტისი ჯამაგირს 30 პროცენტით გაუზრდის, მაგრამ მისტერი ყოყმანობს. „ილ მატინო“ წერს, რომ ორი დღის წინ ისინი მილანში ერთმანეთისგან ორასი-სამასი მეტრის მოშორებით იყვნენ, მაგრამ ერთად არ ყოფილან. პრეზიდენტი ლიგის ყრილობაზე ბრძანდებოდა, მწვრთნელი კი ოჯახთან ერთად „ბოსკო ვერტიკალეში” ისვენებდა. სავარაუდოდ, ყველაფერი „სამპდორიასთან” ბოლო შეხვედრის შემდეგ გაირკვევა. სპალეტის არ უნდა, რომ ფეხბურთელებს ჰყავდეთ მწვრთნელი, რომელიც მათი აღარ არის. ეს მათ განწყობაზე ცუდად იმოქმედებს, განსაკუთრებით იმ სისულელის შემდეგ, რაც მონცაში დაემართათ. მითუფრო, რომ შემდეგი თამაში „ინტერთან” არის, გუნდთან, რომელთანაც ანგარიში გასასწორებელია. ის დღეს, ვარჯიშების განახლების დღეს, სწორედ ამაზე დაელაპარაკება მოთამაშეებს.
საინტერესო ფაქტია: სპალეტი მთელი შვიდი თვე ბაზაზე, „კასტელ ვოლტურნოში” ცხოვრობდა. რატომ? იმიტომ, რომ მას ასე სწამს: თუ საქმეს აკეთებ, მასში თავით უნდა იყო გადაშვებული. კლუბმა მწვრთნელს სასტუმრო „ბრიტანიკი” შეურჩია, მან კი ფაქტობრივად უსახლკაროს ცხოვრება ამჯობინა. ასეთი თავდადებით მისტერმა „ნაპოლის” სკუდეტო მოაგებინა, მაგრამ შეძლებს კიდევ ერთი წლის მანძილზე იმავეს გამეორებას? დე ლაურენტისს ალბათ ისიც აბნევს, რომ ლუჩანომ ბოლო დღეებში ბევრი ჩახლართული წინადადება თქვა. ალბათ მათ გასაგონად, ვისაც ამ სიტყვებიდან აზრის გამოტანა შეეძლო.
ტაორმინა წერს, რომ გასული სეზონის განმავლობაში დე ლაურენტისი და სპალეტი ფაქტობრივად არ შეხვედრილან. იმ ერთ სადილს თუ არ ჩავთვლით, რამდენიმე დღის წინ რომ ჰქონდათ.
დე ლაურენტისს სხვა პრობლემაც აქვს: ვინ უნდა მიიყვანოს თუკი სპალეტი წავა? არადა, სპალეტის შესაძლოა პრემიერლიგაში გადასვლის პერსპექტივა ხიბლავდეს. ინგლისურ კლუბებს იტალიელი მწვრთნელები ხომ ძალიან მოსწონთ. თან, ბოლოხანს, სპალეტისა და ინგლისური კლუბების შესახებ ინტენსიურად ლაპარაკობენ. მაგრამ, თუ ეს მართლა ასეა, მაშინ „ნაპოლის” მწვრთნელი სხვანაირად უნდა ლაპარაკობდეს.
ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლის” ფინანსური შესაძლებლობები კარგად იცის. ამასთან, მას კლუბის მეპატრონისთვის არასდროს მოუთხოვია ისეთი რამ, რასაც ის ვერ გასწვდებოდა. მწვრთნელი თავს კარგ კორპორაციულ თანამშრომლად აღიქვამს, მაგრამ ვინ იცის, ახლა უკვე ხვდება, რომ იმაზე მეტს, რაც უკვე გააკეთა, ვეღარ შეძლებს. მომდევნო „ნაპოლი” ამ „ნაპოლის” რბოლას ვერ მოუგებს…