„ნუთუ გუშინდელს მერე არავის გაგიჩნდათ „ნაპოლისთვის” ლოცვის სურვილი? ეს გუნდი ხომ ბოლო დროს ამუხრუჭებს და ამუხრუჭებს. მონცაში იტალიის ჩემპიონი გაზარმაცებული და უზუსტო იყო. თუმცა, როგორ გინდა არ გშთანთქას იმ კლიმატმა, რომელიც გარშემო მეფობს. მერედა, თავად თამაში იყო იმდენად არაფრისმომცემი, რომ სპალეტიმ მეორე შემადგენლობის ფეხბურთელებს დაუთმო ასპარეზი” — წერს ნეაპოლური გაზეთი „ილ მატინო”, მაგრამ იქვე დასძენს, რომ ნეაპოლელთა მთავარი პრობლემა ბერეშინსკისა და ძერბინის უსახური თამაში კი არა, „აძურის” დიდი სახელების უგერგილობა იყო.
„ჟელინსკიმ პირში ცუდი გემო დატოვა, ანგისამ ერთხელაც კი ვერ გააკეთა ღირებული რამ. „მონცამ” კი გაილაღა, როგორც ეს წლეულს სულ ერთი-ორმა გუნდმა მოახერხა. „აძურიმ” ხომ მათთვის მარჯვენა ფრთაზე „ველ-მინდვრები” დატოვა. რასაკვირველია, კარგია ასეთი რამ სეზონის ბოლოს რომ მოხდა, მაგრამ გუნდმა რომ ბრძოლაზე ხელი აიღო, ეს ფაქტია”, — წერს გაზეთი და შემდეგ ფეხბურთელებს აფასებს.
„ილ მატინომ” ყველაზე მაღალი შეფასება (6.5) რასპადორისა და ლობოტკას დაუწერა. ექვსიანები მიიღეს მეკარე გოლინიმ, კვარაცხელიამ, დი ლორენცომ, პოლიტანომ და სიმეონემ. კვარაცხელიაზე წერია:
„ის ლამაზად აფეთქდა, მაგრამ თავისთვის. პატრიკ ჩიურიამ და სხვა ბრიანცელებმა იცოდნენ, რომ მისთვის საგანგებო ყურადღება უნდა მიექციათ. ქართველი მხოლოდ შიგადაშიგ ანთებდა ცეცხლს, მაგრამ ყოველ ჯერზე ტანში ჟრუანტელი დაგივლიდათ. შემდეგ, პალადინომ მას კიდევ ერთი მეურვე, ბირინდელი მიუჩინა. ყველა ვარიანტში, კვარაცხელიას ეტყობოდა, რომ წაგებას ვერ ეგუებოდა”.
ვიქტორ ოსიმენმა, რომელიც სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირობისთვის იბრძვის და გოლის გატანა სჭირდებოდა, „ილ მატინოს” აზრით მხოლოდ 5 დაიმსახურა.
„მონცაში ის სამ „ელექტროგადამცემ ბოძს” შორის მოექცა. თან ლუკა კალდიროლა ცდილობდა იმაზე მეტი გაეკეთებინა, ვიდრე ევალებოდა. პირველ ტაიმში ოსიმენმა სახიფათო მომენტი ვერ შექმნა. სპალეტიმ რამდენჯერმე შეუძახა დაზღვევას აგვიანებო, რის მერეც საერთოდ გაეგოისტდა და უბრალოდ დაიკარგა”.