„ნაპოლიმ” მონცაში წააგო, „ლა გაძეტა დელო სპორტმა” კი ამ წაგებას უმტკივნეულო უწოდა. მეორე მხრივ, მილანური გაზეთი აქებს მასპინძელთა გუნდს, რომელმაც ჩემპიონს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა.
მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ნეაპოლელთა თავკაც ლუჩანო სპალეტის საგანგებოდ ჰკითხეს ხვიჩა კვარაცხელიაზე. ქართველი გარემარბი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა, რათა თავისი გუნდის ჩამქრალი თამაში აენთო.
„როდესაც ბურთი სხვებს აქვთ, მან რაღაც მეტი უნდა გააკეთოს. თუ ის ამ დროს სწორ პოზიციას დაიკავებს, დანარჩენებს საქმე გაუიოლდებათ. რაც შეეხება ეპიზოდებს, როდესაც ბურთი მას აქვს, ამ დროს ის საუცხოოა. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თვალით ნახოთ როგორ ეშინიათ მეტოქეებს მისი, როგორც უყენებენ ორ მეურვეს, რაც მის თანაგუნდელებს ხელ-ფეხს უხსნის. თუმცა მებისმიერი მეურვეობის დროს მას თავადაც შეუძლია გადალახოს წინააღმდეგობა. ის სტრატოსფეროდან არის”, — თქვა ტოსკანელმა მწვრთნელმა.
მანამდე კი მან ზოგადად შეხვედრის შესახებ ილაპარაკა. სპალეტიმ თქვა:
„როდესაც მარცხდები, ნებისმიერ შემთხვევაში ღიზიანდები. რასაკვირველია, ბევრი რამ იმაზეც არის დამოკიდებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონკრეტული შეხვედრა. თავის როლს თამაშობს შეგუების ფაქტორიც. პროფესიონალები ყოველთვის ერთი და იმავე განწყობით უნდა გადიოდნენ მოედანზე. მათ ქცევას თვით-დისციპლინა განსაზღვრავს. ჩვენ ძალთა აღდგენისთვის ერთი კვირა გვქონდა, კარგადაც ვივარჯიშეთ, მაგრამ ხანდახან ჩვეული ოსტატობით ვერ თამაშობ. ხდება ხოლმე ასე.
ზოგადად ჩვენ ბურთის კონტროლით გამოვირჩევით, მას აქეთ-იქით ვაგორებთ, სიმძიმის ცენტრი მეტოქის ნახევარზე გადაგვაქვს, მაგრამ დღეს მოქმედებების სიზუსტე გვაკლდა და ამის გამო მეტოქის კონტრშეტევების დევნა მოგვიხდა. ასეთი რამ კი ჩვენი პრინციპის საპირისპიროა”.