ესპანურმა გაზეთმა AS-მა ჩაიწერა ინტერვიუ თანამემამულესთან, ვალენსიელ ალეხანდრო როსალენთან, რომელიც… „ნაპოლის” მეკარეთა მწვრთნელია და კლუბთან ერთად სერია A-ს ჩემპიონი გახდა. მისი იტალიური თავგადასავალი ათი წლის წინ „ფიორენტინაში” დაიწყო.
როსალენმა ახალგაზრდობაში ფეხბურთელობა სცადა, მაგრამ 26 წლისა მიხვდა, რომ ეს საქმე კარგად არ გამოსდიოდა და მეკარეთა წვრთნაზე გადაერთო. ახალ პროფესიაში მას აშკარად გაუმართლა.
ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს მისი ინტერვიუდან.
— ნეაპოლი დღეს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქალაქია?
— დიახ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება ამ ქალაქში. აქ „ნაპოლი” ფეხბურთის გუნდზე გაცილებით მეტია. აქ, ყველაფერი „ნაპოლით” იწყება. ამ გუნდს დედამიწაზე 40 მილიონი გულშემატკივარი ჰყავს. და ჩვენ 33 წლის შემდეგ სკუდეტო მოვიგეთ.
— რამ გაგაოცათ ყველაზე მეტად?
— ნეაპოლელები ფანტაზიით აღსავსე ხალხია. ისინი ყოველდღიურად რაღაც ახალს იგონებენ. ერთი თვის წინ მათ ქალაქის მოხატვა დაიწყეს. ერთი ქუჩა კონკრეტულ ადგილას გააგანიერეს კიდეც, რათა იქ ფეხბურთელების მუყაოს ფიგურები განელაგებინათ. მე ვნახე ქუჩაში ცისფერი ნავი. ვნახე ვიდეო, თუ როგორ დაეშვა ქალაქში ჩემპიონობისადმი მიძღვნილი თვითმფრინავი სკუდეტოს მოპოვებიდან რამდენიმე წუთში. შემდეგ ყველაფერი ფოიერვერკმა გადაფარა. ხუთშაბათს, როდესაც აეროპორტში დავეშვით, გამოსასვლელში ხუთი ათასი კაცი დაგვხვდა. ავტობუსით 2 მეტრის გავლას მთელი ორი საათი მოვუნდით. და ეს რა არის, 4 ივნისის ზეიმი კიდევ წინ გვაქვს.
— სეზონის დასაწყისში წარმოიდგენდით, რომ ჩემპიონები გახდებოდით?
— გაურკვევლობაში ვიყავით. წინა სეზონში მესამე ადგილზე გავედით. შემდეგ გუნდი დატოვეს ფაბიანმა, კულიბალიმ, ინსინიემ, მილიკმა… ისინი უცნობი ფეხბურთელებით შეცვალეს, მაგრამ როგორც გაირკვა მენეჯერებს საუცხოო მოთამაშეები მოუყვანიათ: კიმი, ანგისა, კვარაცხელია… ერთ დღეს ლუჩანო სპალეტიმ გვითხრა: „ეს გუნდი შარშანდელზე ძლიერია”. ეს რომ გავიგონე გავოცდი, რადგან პრესეზონი ერთია, სერია A-ს თამაშები კი მეორე — იტალიაში ტაქტიკური თვალსაზრისით ყველაზე რთული შეჯიბრება აქვთ. აქ შესაძლოა სანახავად ლამაზი თამაშები არ იმართება, მაგრამ სირთულით მასთან ვერავინ მივა. და აი, სპალეტის ნათქვამიდან ორი თვის თავზე და ჩემს თავს ვუთხარი: მწვრთნელი მართალი იყო, გუნდი უბერავს. ახალწვეულებმა გაამართლეს. ოსიმენი ადრინდელთან შედარებით ძალიან გაიზარდა და ალექსიც (მერეტი) მართალია ნაკრების დონეს უწინაც უტრიალებდა, მაგრამ აფეთქება აკლდა და აი, აფეთქდა.