ჟურნალისტმა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა ჩირო ვენერატომ Rai Tg Sport-ს „ნაპოლის” გეგმების შესახებ უთხრა ორიოდ სიტყვა. მისი ნათქვამი ინგლისურმა „დეილი მეილმაც” დაადასტურა.
ვენერატომ თქვა, რომ „ჩელსიმ” შუამავლების მეშვეობით „ნაპოლის” ფლანგის მოთამაშე, 24 წლის ამერიკელი კრისტიან პულიშიჩი შესთავაზა. ჟურნალისტის ცნობით, „აძურის” ბანაკში პულიშიჩი ძალიან მოსწონთ, მაგრამ არის ორი საკითხი, რომელიც დაფიქრებას მოითხოვს.
პირველი გახლავთ ის, რომ ამერიკელი ხვიჩა კვარაცხელიას ფრთაზე თამაშობს, ქართველის სხვა ფეხბურთელით შეცვლა კი ძნელი წარმოსადგენია. პულიშიჩის მარჯვნივ გადაყვანა? „პარტენოპეელთა” მწვრთნელები ამას არც განიხილავენ, რადგან „დორტმუნდსა” და „ჩელსიში” გამოწრთობილი მოთამაშე მარცხნივ გაცილებით ძლიერია.
მეორე პრობლემა კი მაღალი ხელფასია. იმას, რასაც დასავლეთ ლონდონელები ერთ წელიწადში უხდიან, „ნაპოლი” სამში თუ გადაუხდის.
კიდევ არის ლაპარაკი კალიდუ კულიბალის დაბრუნებაზე, თუნდაც იჯარით. ეს იმაზე მიგვითითებს, რომ კიმ მინ-ჯაეს პრემიერლიგაში გადასვლა შეიძლება ჭორი სულაც არ იყოს. მაგრამ, აქაც ხელფასის პრობლემაა. კულიბალი „სტამფორდ ბრიჯზე” 10 მილიონს იღებს და დე ლაურენტისის 2,5 მილიონზე ცხადია არ დაბრუნდება.