პირველმა ქართულმა პროფესიულმა სარაგბო ფრენჩაიზმა სამხრეთამერიკული ტურნე დაასრულა. „შავმა ლომმა“ ოკეანის გაღმა მეხუთე მატჩი ურუგვაულ ფრენჩაიზ „პენიაროლთან“ 31:35 წააგო.
მართალია, მარცხსა თუ გამარჯვებას არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ქართველთა ყველა მატჩი ამხანაგური იყო, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ ეს ბოლო მატჩიც რეფერიმ წაგვაგებინა. წინა შეხვედრებში ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ მსაჯს ხუთი ქართული ლელო გაეუქმებინა, „პენიაროლთან“ კი, თითქმის მოგებული მატჩის დასრულება ქართველებს 13 კაცის შემადგენლობით მოუხდათ – რეფერიმ ჩვენი ბიჭები ისეთ ამბებზე გაასინბინა, რასაც მასპინძლების მხრიდან საერთოდ ვერ ამჩნევდა.
სამწუხაროდ, მსაჯის არაპროფესიონალიზმი თუ მიკერძოება ამერიკულ გუნდებს მე-16 მოთამაშედ ევლინებოდა ხოლმე. თუმცა, მიუხედავად ამ აშკარა, ზედაპირზე მყოფი უსამართლბისა, „შავი ლომისა“ და ბორჯღალოსნების ხელმძღვანელობა კმაყოფილი უნდა იყოს სამხრეთამერიკული ვოიაჟით. ჩვენმა ბიჭებმა ახალი გამოცდილება მიიღეს, განსხვავებული სტილის მეტოქეებთან ადაპტირება ისწავლეს, სათამაშო პრაქტიკა მიიღეს, თან ეს ყველაფერი – საუკეთესო პირობებში: მონტევიდეოსა და ბუენოს აირესში. დასანანი მხოლოდ ტრავმებია – სამწუხაროდ, ეროვნული ნაკრების რამდენიმე წამყვანმა ფიგურამ სერიოზული დაზიანება მიიღო და მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ლევან მაისაშვილი თბილისში ჩამოსვლისა და ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ გამოაქვეყნებს.