Albin Ekdal of Spezia Calcio kicks the ball during the Serie A match between US Cremonese and Spezia Calcio at Stadio Giovanni Zini on May 06, 2023...ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” „სპეციას” 2:0 მოუგო. ეს გამარჯვება სერია A-ში ადგილის შესანარჩუნებლად შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ამგვარ ორთაბრძოლებს ექვსქულიანებს უწოდებენ — კრემონელებმა კონკურენტი დაამარცხეს და ახლა მას და „ვერონას” 3 ქულითღა ჩამორჩებიან. „ვერონა” დღეს თამაშობს ლეჩეში. „ლეჩე” ასევე სახიფათო ზონაშია ანუ ეს შეხვედრაც ექვსქულიანთა რიგიდანაა. ამის შემდეგ დარჩება ოთხი ტური, თუმცა რაა დასამალი, რომ „კრემონეზეს” კალენდარი არ სწყალობს: სტუმრად „იუვენტუსი”, შინ „ბოლონია”, სტუმრად „ლაციო” და შინ „სალერნიტანა”.

ქართველი გულშემატკივრისთვის ცხადია ყველაფერზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ ითამაშა მისმა თანამემამულე ცენტრალურმა მცველმა. ლოჩოშვილის გარჯას ყველაზე კარგად whoscored.com-ის მიერ დაწერილი ქულებით მივხვდებით — საუცხოოდ ფორმაში მყოფ მეკარე მარკო კარნესეკის თუ არ ჩავთვლით, დანარჩენთაგან ლუკაზე მეტი ქულა მხოლოდ გოლების ავტორებმა დანიელ ჩიოფანიმ და იოჰან ვასკესმა მიიღეს. ეს გასაგებიცაა, მათ გოლების კოეფიციენტი მიემატათ.

„ბოლო ცხრა დღეში ოთხი თამაში ჩავატარეთ, რაც ენერგიის განაწილების თვალსაზრისით ძალიან ძნელი იყო. ამის მიუხედავად, ვიწვალეთ, ვიბრძოლეთ და ყველა ღონე ვიხმარეთ, რომ შედეგისთვის მიგვეღწია. მე ვნახე ბიჭები როგორ ეხმარებოდნენ ერთმანეთს. შესაძლოა დღეს გამარჯვებას არც კი ვიმსახურებდით, მაგრამ ფორტუნას ჩვენთვის ბევრ სხვა შემთხვევაში შეუქცევია ზურგი, ახლა კი პირიქით მოხდა”, — თქვა მატჩის შემდეგ „კრემონეზეს” მწვრთნელმა დავიდე ბალარდინიმ.