ყველა ამბობს, რომ „ნაპოლის” სკუდეტო ანუ იტალიის ჩემპიონი ტიტული გარანტირებული აქვს. ის მდევარ „ლაციოს” 18 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი. დავაზუსტოთ: რატომ არ არის „აძური” უკვე ჩემპიონი? იმიტომ, რომ თეორიულად ჯერ კიდევ შესაძლებელია, გუნდებმა ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვონ, ასეთ შემთხვევაში კი გადათამაშება დაინიშნება.
ადრე, იტალიაში, იმ შემთხვევაში თუ პირველი და მეორე გუნდი ქულათა თანაბარ რაოდენობას დააგროვებდა, უპირატესობას ანიჭებდნენ მას, რომელსაც პირად შეხვედრებში უკეთესი შედეგი ჰქონდა (ერთი მოიგო და ერთი ფრედ დაამთავრა ან ორივე მოიგო), ხოლო იმ შემთხვევაში თუ გუნდებმა თითო მოიგეს ან ორივე შეხვედრა ფრედ დაასრულეს, გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობას ადარებდნენ. ახლა ასე აღარ არის. თუ „ნაპოლი” და „ლაციო” ქულათა თანაბარ რაოდენობას დააგროვებენ, მათ შორის დამატებითი შეხვედრა გაიმართება.
რასაკვირველია, წლეულს სერია A-ში საჩემპიონო გადათამაშების შანსი, ფაქტობრივად არ არსებობს. ამისათვის საჭიროა ლუჩანო სპალეტის გუნდმა ყველა დარჩენილი შეხვედრა წააგოს, ხოლო მაურიციო სარის გუნდმა ყველა მოიგოს.
ბუნებრივია, „ნაპოლის” ყველა წაგების შემთხვევაშიც აქვს ჩემპიონობის შანსი. ამისათვის „ლაციომ” დარჩენილ შეხვედრებში ერთში მაინც უნდა დაკარგოს ქულები.
ხვალ, „აძური” უდინეში თამაშობს. იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა ფრედ მაინც დასრულდება, „პატრენოპეელები” ჩემპიონები გახდებიან. თუმცა არის ვარიანტი, რომ „ნაპოლიმ“ პირველობა დღესვე გაინაღდოს, საამისოდ „ლაციომ“ შინ „საუსუოლოს“ ვერ უნდა მოუგოს.