
ეროვნული ჩემპიონატის მე-11 ტური მიმდინარე სეზონში ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა. მეტოქეებმა ერთმანეთს 20 ბურთი გაუტანეს. ჯამში კი სულ 157 გოლია გასული.
შესრულდა 3 დუბლი, რაც ასევე ერთ ტურში გატანილი ორგოლების რეკორდია. თავი დინამოელმა ზორან მარუშიჩმა, საბურთალოელთა მალელმა შეიკნე სილამ და გორელთა ბარბადოსელმა ტიერი გეილმა გამოიჩინეს.
„დინამომ“ ლიდერ „ბათუმთან“ ორ ქულამდე შეამცირა სხვაობა (მანამდე 4 იყო). ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა ერთ-ერთ აუტსაიდერ „სამტრედიას“ სტუმრად 2:0 მოუგეს, „ბათუმმა“ კი ერთობ უცნაური შეხვედრა ჩაატარა ბოლო დროს მოყოჩაღებულ „საბურთალოსთან“.
რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გამართულ მატჩში (მოგეხსენებათ, „საბურთალოს“ საშინაო არენა „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონი, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის გამო რეკონსტრუქციაშია) ბათუმელები 87-ე წუთამდე 3:0 იგებდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში სამი საპასუხო ბურთის გაშვება „მოახერხეს“… გამათანაბრებელი პენალტი შეიკნე სილამ მე-12 დამატებულ წუთზე გაიტანა.

ერთი მხრივ, მისასალმებელია საბურთალოელთა ბრძოლისუნარიანობა, მეორე მხრივ კი უცნაურია ბათუმელთა ასეთი უყურადღებობა ბოლო წუთებზე.
ტურის ყველაზე მოულოდნელი შედეგი ალბათ მაინც გორში დაფიქსირდა, სადაც „დილამ“ „ტორპედოს“ 5:0 მოუგო. ქუთაისელებმა მიჯრით მეორე თამაში წააგეს, 8 ბურთი გაუშვეს და არცერთი გაუტანიათ. ცოტა ხნის წინათ „ტორპედო“ თითქოს მყარად იდგა მესამე ადგილზე, ახლა კი მეექვსე პოზიციამდე დაქვეითდა.
„სამგურალმა“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო, ამჯერად „შუქურასთან“ – 4:1. გიორგი ჭლიძის გუნდი მესამე ადგილზეა და მეორეზე მყოფ „დინამოს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. „შუქურა“ კი მიჯრით მეოთხედ დამარცხდა და ბოლო ადგილზეა. ცხრილის ბოლოში მყოფმა „გაგრამ“ და „თელავმა“ ფრედ – 1:1 ითამაშეს.
გაგრა 1:1 თელავი
1:0 შონია (44), 1:1 ილურიძე (63)
გაძევება: ნოზაძე (75) – თელავი
სამგურალი 4:1 შუქურა
1:0 ლომინაძე (20 პენ), 1:1 ფაცაცია (45+1), 2:1 ნიკა ხორხერლი (47), 3:1 გომეზი (58), 4:1 ჩიხრაძე (88)
სამტრედია 0:2 დინამო
0:1, 0:2 მარუშიჩი (34, 58)
საბურთალო 3:3 ბათუმი
0:1ღუდუშაური (40), 0:2 ზარია (47), 0:3 მამუჩაშვილი (73 პენ), 1:3 სილაგაძე (87), 2:3, 3:3 სილა (89, 90+12 პენ)
დილა 5:0 ტორპედო
1:0 ჩიტეიშვილი (42), 2:0 გაგნიძე (46), 3:0, 4:0 გეილი (59, 70), 5:0 ცეცხლაძე (88)
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
ბათუმი | 36 | 21 | 11 | 4 | 83:41 | 73 |
დინამო | 36 | 21 | 8 | 7 | 93:49 | 68 |
ტორპედო | 36 | 16 | 12 | 8 | 55:37 | 59 |
დილა | 36 | 17 | 9 | 10 | 56:39 | 57 |
სამგურალი | 36 | 16 | 9 | 11 | 53:51 | 54 |
საბურთალო | 36 | 14 | 9 | 13 | 58:49 | 51 |
გაგრა | 36 | 10 | 8 | 18 | 47:65 | 35 |
თელავი | 36 | 10 | 7 | 19 | 34:62 | 37 |
სამტრედია | 36 | 9 | 6 | 21 | 50:62 | 33 |
შუქურა | 36 | 4 | 5 | 27 | 38:112 | 11 |
მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი), ზორან მარუშიჩი (დინამო) – 7, ტიერი გეილი (დილა) – 6