Min-Jae Kim and Khvicha Kvaratskhelia of Napoli attend a training session on March 09, 2023 in Naples, Italy.დორანდო პეტრის სინდრომი ჯერ არ შეყრიათ, მაგრამ შორსაც არ არის. საქმე ის გახლავთ, რომ S-დღის წინ (S ამ შემთხვევაში სკუდეტოს ნიშნავს), გუნდი ჩვეულებრივ ცხოვრებას ნატრობდა — ცდილობდა ისე მოქცეულიყო, თითქოს რიგითი დღე ყოფილიყო. სპალეტის დისქაუნთი არ სჭირდება. თუკი „ნაპოლი” – „სალერნიტანა” პირველი მატჩ-პოინტი აღმოჩნდება (ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იზამს „ლაციო” „სან სიროზე”) გუნდი არ უნდა ჩავარდეს დასაწყისში ნახსენები მარათონელის დღეში, რომელიც ათენში, 1908 წლის ოლიმპიადაზე ფინიშის ხაზის წინ არაქათგამოცლილი დაეცა. არადა საწვრთნელ ბაზასთან სრული აურზაურია. ტექნიკური ცენტრის წინამდებარე ფიჭვნარში უკვე რამდენჯერმე სცადეს შეჭრა. ამან უსაფრთხოების სამსახური აიძულა საქმეში ჩარეულიყო და გოლფის მოედანზე შევარდნილი გულშემატკივარი გაეყარა.  ჩვეულებრივ ამ საქმეს კლუბის სტიუარდები ყოფნის, მაგრამ, ამ ჯერზე პოლიციის რაზმის დახმარება გახდა საჭირო: არ დარჩა „ნაპოლის” ფეხბურთელი, რომელსაც მანქანიდან გადმოსვლა და ავტოგრაფების მთელი ორი საათის განმავლობაში დარიგება არ მოუხდა. რა გინდა ქნა? ნეაპოლში უკვე დაიწყეს ზეიმი.

სპალეტი ცდილობს ამ ყველაფერს კუნძულივით გაერიყოს, მაგრამ ერთ საღამოს, პუნტო ნავეში, რესტორანში, რომელსაც ჰქვია „მონტერუშიელო” და სადაც ის ხშირად დადის, ვერც მან აარიდა თავი ჩახუტებებს. „დაწყნარდით, სანამ ზეიმს დავიწყებს ჯერ კიდევ მოვითმინოთ ცოტა”, — ამბობდა ის.

ეს მომენტი მისთვისაც ისტორიულია. ამიტომაც არ ჩქარობს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით რაიმეს გადაწყვეტას და დე ლაურენტისთან სადილს, სადაც სამომავლო გეგმებს დასახავს. მისთვის ეს იქნება პირველი სკუდეტო 64 წლის ასაკში, მანამდე კი გამარჯვებასთან „ინტერის” სათავეში დგომისას იყო ახლოს. სპალეტის რისკი არ სჭირდება: ჩვეულებრივად იქცევა, აკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა, თავისი შტაბის წევრებთან 9 საათზე შეხვედრით დაწყებული, ფეხბურთელებისთვის დაფაზე „სალერნიტანას” თამაშის ტაქტიკის ახსნით დამთავრებული.

„ეს ის გუნდი აღარ არის, პირველ წრეში რომ შევხვდით,” — იმეორებს მწვრთნელი მეტოქის შესახებ. ის გულშემატკივარსაც აფრთხილებს, რომ დერბი საჩვენებელი შეხვედრა არ იქნება. მანტრასავით იმეორებს, რომ ამ სეზონში მეასე დიდი ბრძოლა ელით, რადგან ახლა ყველა იმაზე ოცნებობს, როგორ დაუდოს ფეხი იტალიის მომავალ ჩემპიონს. „სალერნიტანას” კი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ქულები ჯერ კიდევ სჭირდება; ამიტომ „მარადონაზე” ერთადერთი მიზნით ჩავა — „აძურის” ზეიმი გაუმწაროს. სწორედ ამიტომ ამზადებს სპალეტი უძლიერეს შემადგენლობას: სიმეონე სათადარიგოთა სკამზე ბრუნდება, მარიო რუი და პოლიტანო კი თანაგუნდელებს კვლავ ვერ დაეხმარებიან. შესაბამისად, გასაგებია რა შემადგენლობით ითამაშებს „ნაპოლი”: ნახევარდაცვაში ჟელინსკი დაბრუნდება, დაცვაში კი კიმის გვერდით კვლავ რაჰმანი დაიკავებს ჩვეულ ადგილს. მარცხნივ ოლივერა დადგება. სამკაპაში კი იქნებიან ოსიმენი, კვარა და ლოსანო.

და მაინც, რაღაც განსხვავებული ხდება. თუმცა, გარდაუვლობისგან სარგებლის ნახვა უნდა სცადო. თამაშის ერთი დღით გადადებამ ორგანიზაციული პრობლემები წარმოშვა. სასტუმროში, სადაც ტრადიციულად „ნაპოლი” თამაშის წინა შეკრების დროს ჩერდება, ყველა ნომერი დაკავებული აღმოჩნდა, გუნდის სხვაგან გადაყვანის ვარიანტი კი არ არსებობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ბაზაზე ვერა და ვერ დამთავრდა სასტუმროს მშენებლობა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მატჩი შუადღისას არის დანიშნული, ფეხბურთელები „დეი დი პოცუოლიში” თამაშის დღეს მივლენ, როგორც 70-იანი წლების ჰოლანდიელები ან გვარდიოლას „ბარსელონა”.

საუზმე, შემდეგ ავტობუსით სტადიონისკენ გამგზავრება ხალხის ორად გაყოფილ ნაკადში. დი ლორენცო „სალერნიტანასთან” მატჩის შემდეგ თანაგუნდელების სადილად დაპატიჟებას აპირებდა, მაგრამ უსაფრთხოების სამსახურმა გადააფიქრებინა. არა მარტო ცრურწმენის გამო.

ერთი სიტყვით, ყველაფერი მზად არის. დე ლაურენტისიც ნეაპოლში ბრუნდება, რათა არ გამოტოვოს ის, რასაც 19 წელი ელოდა. 55 ათასი ბილეთიც გაყიდულია.

პინო ტაორმინა, ილ მატინო