რა არის ნეაპოლში ბევრი? ტაძარი, მოპედი, ლამაზი სახლი, ნაგავი, უსახლკარო, რომელსაც ლეიბ-საბანი პირდაპირ ქუჩაში აქვს გაშლილი (და არასდროს კეცავს, მაშინაც კი, როდესაც გასულია), სასწრაფოს აუცილებელი კივილი, ურთიერთობა, ყაყანი, მარადონა ყველა კუთხე-კუნჭულში და… სკუდეტო, რომელიც ჯერ არ მოუგიათ.

ხვიჩა კვარაცხელიამ „მილანთან“ პენალტი ვერ გაიტანა. „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. გამოვდივართ სტადიონიდან, მხრებზე ხუთჯვრიანი დროშები გვაქვს მოსხმული. ეტყობა მკვდრის ფერი გვადევს.

— არა უშავს, კვარაშელია „იუვენტუსს“ გაუტანს, — გვაწყნარებს ერთი, — ამ ზაფხულს მთელი ნეაპოლი საქართველოში ვაპირებთ ჩამოსვლას. საქართველო ჩვენთვის არგენტინასავით გახდა.

მიწამ პირი მიყოს ერთ სიტყვას თუ ვამატებდე.

კვარაშელია და კვარაჩკელია. როგორც მივხვდი, ისინი, ვინც „ნაღდი ქართული აქცენტით“ ალაპარაკდნენ კვარაჩკელიას ამბობენ.

— ეე, კვარაჩკელია, კვარაჩკელია… — ჩაგვიარა ორმა ახალგაზრდამ. ვითომ, ეს რა ქნა, პენალტი როგორ ვერ გაიტანაო. აუხსენი ახლა ამათ, რომ ბიჭმა დაგლიჯა, ისე ითამაშა. ბადალი არ ჰყავდა. მაგრამ, მეორე მხრივ ფაქტია, ვერ გაიტანა.

— შემდეგს მოვიგებთ!— ეს უკვე ქართველი გვეხმიანება.

— აუცილებლად, აუცილებლად.

იცლება „დიეგო მარადონა“. ხალხის ნაკადი მეტროსკენ და ავტობუსების გაჩერებისკენ მიდის. წაგებით გულდაწყვეტილები არიან, მაგრამ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას სამყაროს დასასრულად მაინც არ აღიქვამენ. მახსენდება იმ დღეს ესპანური კვარტლის ვიწრო ქუჩებში გასაყიდად გამოტანილი მაისურები წარწერით: მესამე სკუდეტო; სამი; ჩემპიონები – 3. აი, რა არის ამ ხალხისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი — სკუდეტო! იტალიის ჩემპიონობა.

ისე, ჯერ კიდევ რომის აეროპორტში გამეცინა. მესაზღვრეს პასპორტი რომ მივაწოდე, სად მიდიხარო, მკითხა. ნეაპოლში, მეთქი. იტალიაში რამდენი ხანი უნდა დარჩეო. ზეგამდე, მეთქი. უცებ მიხვდა, ჯერ მე შემომხედა, შემდეგ გამშვებ პუნქტში კოლეგას მიუტრიალდა და უთხრა:

— უფ, ეს კვარაშელიას თამაშის სანახავად მიდის!

მეტი კითხვა აღარ გასჩენია. დაავლო ბეჭედს ხელი და ჩაარტყა.

ქართველების ამბავი კი როგორ არის, იცით? მახსოვს, ადრე, უცხოეთში ქართველი ქართველს რომ დაინახავდა, უნებურად გაჩერდებოდა, მიესალმებოდა და მოიკითხავდა. ახლა ყველას თუ გაუჩერდი, დაგაგვიანდება. მითუმეტეს ნეაპოლში.

იმ დღეს თუ კვარა თამაშობს დიდი-დიდი გასძახო:

— დღეს ხომ ვიგებთ?

— აუცილებლად! — გიპასუხებს ის.

და ამ გაძახილ-გამოძახილით ვერავის გააკვირვებ, რადგან ნეაპოლი ხმაურიანი ქალაქია.

ილია ბაბუნაშვილი 

თბილისი-ნეაპოლი-თბილისი

წილი
წინა სტატიაიუვენტუსი +15…
შემდეგი სტატიასაქართველომ ხორვატია გაყინა
ილია ბაბუნაშვილი ჩვენი ამქრის ჯონ ლენონია. წარმოიდგინეთ, ჰოროსკოპიც დიადი ინგლისელი მუსიკოსის იდენტური აქვს, თუმც რატომღაც თავად გულზე არ ეხატება, მიედ-მოედებაო. განსაკუთრებით „იმეჯინი“ აღიზიანებს. უპურატესობას რობერტ პლანტსა და როდ სტიუარტს აძლევს. კიდევ, საეჭვოდ ხშირად ახსენებს რუსეთის ხანტი-მანსიისკის ოკრუგის მიყრუებულ სოფელ ხურუმპაულს.