„ნაპოლის” პორტუგალიელ მარცხენა მცველს მარიო რუის „პარტენოპეელებთან” 2025 წლის ივნისამდე აქვს კონტრაქტი. ის გუნდის მნიშვნელოვანი წევრია. მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი მას პროფესორს ეძახის, სტატისტიკა კი როგორც ამბობენ ჯიუტია და ამბობს, რომ რუის მიმდინარე სეზონში 8(!) საგოლე პასი აქვს შესრულებული. აქ ძახილის ნიშანს პორტუგალიელის ამპლუის გამო ვწერთ. ის რომ გამთამაშებელი, ცენტრალური ნახევარმცველი ან თავდამსხმელი ყოფილიყო, ეს ციფრი გასაკვირი არ იქნებოდა, მაგრამ… მარცხენა მცველია.
Calciomercato-ს ჟურნალისტი მარკო დემიკელი წერს, რომ ფეხბურთელს „ნაპოლიში” დარჩენა სურს, მაგრამ ალბათ ძირითად შემადგენლობაში ყოფნის პრეტენზია აქვს, ისევე როგორც მის კონკურენტ მატიას ოლივერას, რომელიც ნეაპოლში გასულ ზაფხულს მივიდა. დემიკელი წერს, რომ კლუბს კარგად მოუწევს აწონ-დაწონა. ჟურნალისტის აზრით მარიო რუი სეზონის დასრულების შემდეგ უეჭველად შეხვდება სპალეტის და მომავალზე დაელაპარაკება. ამ დელიკატურ საკითხში გასათვალისწინებელია ფეხბურთელების ასაკიც. პორტუგალიელი 17 მაისს 32 წლის ხდება, ოლივერა კი 25 წლის გახლავთ და საუკეთესო წლები წინ ააქვს.