ამ გაზაფხულზე „ლაციო” ჩინებულ ფორმაშია. რომაელები არ ჩერდებიან. 30-ე ტურში მათ „სპეციას” მოუგეს 3:0. გოლები გაიტანეს ჩირო იმობილემ პენალტით, ფელიპე ანდერსონმა და მარკოს ანტონიომ. მაურიციო სარის გუნდს მეორე ადგილზე გასვლის რეალური შანსი აქვს. სარიმ „სქაი იტალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა:
„მეორე გოლი ძალიან ლამაზად გავიტანეთ, მაგრამ ვინერვიულე კიდეც. კარგა ხანს კარში არავინ არტყამდა. ძალიან მიხარია მარკოს ანტონიომ რომ გაიტანა (მესამე გოლი). ის მაღალი დონის ნახევარმცველია, მაგრამ მისი შემადგენლობაში ჩასმა მიჭირს, რადგან ჩვენ შემტევი ნახევარდაცვა გვყავს და დიდი ფიზიკური ძალა გვჭირდება. ის ჩვენი გაჭირვების ტალკვესია”.
შემდეგ „ლაციოს” თავკაცმა შეხვედრის ზოგად სურათზე ილაპარაკა: „თამაშისადმი მიდგომა კონკრეტულმა გარემოებებმა განაპირობა. კერძოდ, მოედნის ზომამ, „სპეციას” აგრესიულმა მანერამ და სხვა. ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო, მაგრამ ამის მიღმა გუნდის თამაშის პოზიტიური განვითარებით დავრჩი კმაყოფილი. თუმცა კმაყოფილებასა და სიხარულს შორის განსხვავებაა. ჩემპიონატში ჯერ კიდევ 24 ქულა უნდა გათამაშდეს. დაძაბულობა კარგა ხანს იქნება. ჯობს ყურადღება მოვიკრიბოთ. გახარებით მაშინ გავიხარებთ, როდესაც მთავარ მიზანს მივაღწევთ. ზედაპირული დამოკიდებულება არ გვარგებს. პრობლემების გადალახვისა და სწორი გეზის შენარჩუნების უნარი დროთა განმავლობაში გაგვიძლიერდა. პირველი 7-8 წუთის განმავლობაში შევშინდი. ვიფიქრე თამაშს არასერიოზულად ხომ არ მივუდექით, მეთქი”.
ბოლოს სარის საბოლოო მიზნის შესახებ ჰკითხეს.
„ყველას ავიწყდება, რომ მე ქვედა დონეებზე შვიდჯერ გადავიყვანე სხვადასხვა გუნდი ერთი ლიგიდან მეორეში. ის, რასაც ჩემპიონატის შესახებ მედია წერს, ჩემს შინაგან განწყობას არ შეესაბამება. მე ნეაპოლელი ვარ და ამდენად ცრუმორწმუნე გახლავართ. ამიტომ, მეორე ადგილზე არ ვფიქრობ. დღევანდელი მოგების მერე ერთი კვირა კარგ გუნებაზე ვიქნები და ეგ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდი კარგად თამაშობს და კარგადაც ვარჯიშობს. ვხედავ მენტალიტეტის შესანიშნავ ცვლილებას. მე ეს ყველაფერი მომწონს და მუშაობას ვაგრძელებ. ფეხბურთელები მნიშვნელოვნად გაიზარდნენ.
მოდი, ცხრილს ნუ შევხედავთ. ის ხშირად იცვლება. ჩვენ მიზანს ქულების თვლის გარეშე ვუყურებთ”.