Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli in action during the Serie A match between SSC Napoli and AC MIlan at Stadio Diego Armando Maradona on April 2,...ახლოვდება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი, „მილანი” – „ნაპოლი”, და იტალიური პრესისა თუ გულშემატკივრის ყურადღებას სულ უფრო მეტად იპყრობს ამ მატჩთან დაკავშირებული დეტალები. ასე მაგალითად, ნეაპოლურ მედიაში დაიწერა, რომ „ნაპოლის” ფეხბურთელთა შორის ყურადღებით უნდა იყვნენ ჟუან ჟესუსი, კიმ მინ-ჯაე და მატეო პოლიტანო, რომელთაც წინა შეხვედრებში უკვე აქვთ მიღებული ყვითელი ბარათი და თუ ოთხშაბათს, „სან სიროზე”, რომელიმე მათგანს მსაჯი გააფრთხილებს, საპასუხო მატჩის გამოტოვება მოუწევს. მეორე მხრივ, თუ ისინი მილანში ყვითელ ბარათს გადაურჩებიან, და ზედაც მათი გუნდი ნახევარფინალში გავა, გაფრთხილებები გაუნულდებათ.

თუმცა, იმისათვის, რომ ყვითელი ბარათი მიიღო, მოედანზე უნდა იყო. მილანური „ლა გაძეტა დელო სპორტი” ცდილობს გამოიცნობს, რა შემადგენლობით ითამაშებს ლუჩანო სპალეტი. რასაკვირველია, მთავარი გაურკვევლობა ცენტრალურ თავდამსხმელთან არის დაკავშირებული. ჯერჯერობით ვიქტორ ოსიმენზე ისიც დაიწერა, რომ ოთხშაბათს მოედანზე ვერ გავა და ისიც, რომ აღდგომა დღეს მარტო იყო ბაზაზე და შეუპოვრად ემზადებოდა. დანამდვილებით არის ცნობილი, რომ დიეგო სიმეონე „აძურის” ვერ დაეხმარება.

„მილანელებთან 28-ე ტურში ნათამაშებ მატჩთან შედარებით სპალეტიმ 29-ე ტურში, ლეჩეში სამი ფეხბურთელი შეცვალა. ოთხშაბათს, „სან სიროზე” ახალ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. ასე მაგალითად, თუ ოლივერა ფიზიკურად კარგ ფორმაში იქნება, სპალეტის უმალ მას ათამაშებს ვიდრე მარიო რუის. ოლივერას კოზირი სისწრაფეა, ხოლო მარიო რუის — ტექნიკა.

ნახევარდაცვაში დაბრუნდება „ლეჩესთან” შეხვედრაში დასვენებული პიოტრ ჟელინსკი, ხოლო მარჯვენა ფრთაზე სავარაუდოდ სწრაფი ირვინგ ლოსანო გამოვა და არა დაუღალავი მუშა მატეო პოლიტანო. ოსიმენის არყოფნის შემთხვევაში გუნდს სიღრმიდან შევარდნებზე დასჭირდება თამაშის აწყობა და ამას პოლიტანოზე უკეთ ლოსანო გააკეთებს”, — დაწერა ვარდისფერფურცლიანმა გაზეთმა.

და ბოლოს, მართალია ეს მოახლოებულ თამაშთან არ არის დაკავშირებული, მაგრამ ქველმოქმედებაზეც მოგახსენებთ: „ნაპოლი” აღდგომა დღეს ნეაპოლის „კარიტასის” მეშვეობით უპოვრებს სადილით გაუმასპინძლდა.