ტურინში კარგ ამბავზე ვიყავი. წალენჯიხაში „იუვენტუსის“ აკადემია იხსნება და საბოლოო მოლაპარაკების გასაშუქებლად გამიშვეს მივლინებით. ხუთნი ვიყავით: მამუკა ხაზარაძე, წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა, მისი მოადგილე თამარ ბელქანია, ჩემი ოპერატორი და მე.
მიხარია, რომ მეც ვიყავი „იუვენტუსის“ სათაო ოფისის შეხვედრათა დარბაზში, სადაც საბოლოო შეთანხმება გაფორმდა.
თუმცა ეს ცალკე ამბავია და როგორი იქნება „იუვენტუსის“ წალენჯიხური აკადემია, სჯობს, დაწვრილებით მაისში ვილაპარაკოთ, როდესაც აკადემიის ოფიციალური გახსნა შედგება. აქ კი რამდენიმე ტურინულ შთაბეჭდილებაზე გიამბობთ – საფეხბურთოზე, რა თქმა უნდა…
აბა, მანქანა მაჩვენე
წარმოიდგინეთ, რომ დელ პიერო ხართ და „იუვენტუსის“ საწვრთნელ ბაზას, მაგალითად, უახლესი „მერსედესით“ მიადეგით. დაცვის თანამშრომელი, რომელსაც მოკრძალებული ფიატი ჰყავს, ჭიშკარს უბრალოდ არ გაგიღებთ…
„იუვენტუსის“ საწვრთნელ ბაზაზე რომ მივედი, შენობაში შესვლამდე, ყურადღება პირველ რიგში მთავარი გუნდის წევრთა ავტოსადგომმა მიიპყრო. სადგომი, დაახლოებით 30 მანქანაზეა გათვლილი და სახელობითია – პარკინგის თითოეულ ადგილს აბრა აქვს მიკრული, რომელზეც ფეხბურთელების და მწვრთნელების გვარები წერია. სხვათა შორის, სტაფის რომელიღაც წევრის სადგომზე ველოსიპედიც იდგა, თუმცა სხვა რამ მენიშნა – მანქანების ერთფეროვნება. აი, ხომ იცით, როგორ არის ხოლმე – მილიონერი ფეხბურთელები ნაირფერი და არნახული მანქანებით რომ დადიან ხოლმე. აქ კი, „იუვენტუსის“ მთავრი გუნდის სადგომზე მოსაწყენი ერთფეროვნება სუფევდა.
ამიხსნეს. „იუვენტუსი“ და „ფიატი“, მიგეხსენებათ, უკვე საუკუნეა, მეტისმეტად მჭიდროდ არიან ერთმანეთთან გადაჯაჭვული და კლუბშიც ასეთი წესი ყოფილა: ბაზაზე შესვლა მხოლოდ ფიატის გიგანტურ კონცერნში შემავალი ბრენდის მანქანით არის ნებადართული.
რა ფასი აქვს ძველ გაზეთს?
მართლაცდა, რა ფასი აქვს რამდენიმე დღის წინანდელ, უკვე წაკითხულ გაზეთს? მაგრამ თუ ვინმეს ის მაინც სჭირდება, ესე იგი, რაღაც ფასი ჰქონია.
იუვენტუსის ბაზის დათვალიერებისას, დასასვენებელ დარბაზშიც შემიყვანეს, რომელსაც ფეხბურთელები განტვირთვისთვის იყენებენ. მაგიდაზე სპორტული გაზეთები ელაგა – ბოლო რამდენიმე დღის. „გაძეტას“ თუ „კორიერეს“ პირველი გვერდიდან ხვიჩა კვარაცხელიას დიდი პორტრეტი მიყურებდა. გაზეთს ხელი დავავლე და თანმხლებ მეგობრებსაც ვუჩვენე. მერე მასპინძელს მივუბრუნდი და ვთხოვე, თუ შეიძლება, ეს გაზეთი რომ წავიღო მეთქი.
გაუკვირდა, რად გინდაო. კვარას ფოტოზე მივუთითე, ჩვენი ბიჭი ხატია და ერთგვარ სუვენირად მინდა მეთქი.
ძველ გაზეთზე იყო ლაპარაკი, თორემ, თუნდაც მცირეფასიან ნივთს, ცხადია, არ მოვითხოვდი. მასპინძელი დაიბნა, აშკარად პირველი ადამიანი ვიყავი, ვინც ძველი გაზეთი სთხოვა.
- უფროსს ვკითხავო.
- კარგი, არ გინდა მეთქი.
შვებით ამოისუნთქა.
მართლა მატრიცაში ვცხოვრობთ?
აი, ხომ უთვალავჯერ შეგმთხვევიათ, რაღაცაზე რომ ლაპარაკობთ და მეორე წუთას სოციალური ქსელი სწორედ იმ თემატიკის პოსტს ამოგიგდებთ, რაზეც წამის წინ ლაპარაკობდით?!
ტურინში სრულიად საპირისპირო რამ შემემთხვა – რაც სოციალურ ქსელში ამომივარდა, ის შემხვდა მერე ცხადში…
ფეისბუკის სქროლვისას ვიდეო შემომხვდა: კვარას კისერზე ვიღაც ძმაკაცი შემოუსვამს და სამეგრელოს რომელიღაც მდინარეზე გადაჰყავს. ეტყობა, რომ ძველი ვიდეოა.
არაფერი. ვნახე, გამეღიმა და სქროლვა განვაგრძე…
საღამოს ქალაქში სასეირნოდ გავედით. შებინდდება თუ არა, იქაურს ქუჩაში ვეღარ ნახავთ, ფაქტობრივად კვდება ქალაქი. ჰოდა, ამ მდუმარების ფონზე უფრო მეტად მიიპყრო ყურადღება ჩვენი მიმართულებით მომავალი ახალგაზრდების ჯგუფმა. ხმაურიანი გოგო-ბიჭები იყვნენ, ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და გულიანად იცინოდნენ. ერთ ბიჭს კიდევ მეორე ჰყავდა კისერზე შემოსმული და „კვარა, კვარა“, გაიძახოდა.
ხომ არ მომეჩვენა მეთქი, გავიფიქრე.
კაცო, კვარას რომ იძახიან, შენც ხომ გაიგე – მეკითხევა გია ხარჩილავა, წალენჯიხის მერი.
ორივეს ერთდროულად როგორ მოგვეჩვენებოდა?
ისე რა უცნაურია, იმავე დღეს, ოღონდ დილას, ტურინის ქუჩაში სატელევიზიო გადაცემისთვის სტენდაფის ჩაწერისას, გვერდით მანქანამ შეანელა, მძღოლმა თავი გადმოყო, „ფორცა ნაპოლი“ დაიძახა და გზა განაგრძო.
ნეაპოლში რომ „ნაპოლიზე“ და ხვიჩაზე აბოდებდეს კაცს – რა გასაკვირია. უცნაურიც იქნებოდა, პირიქით რომ იყოს. მაგრამ იტალიის უკიდურეს ჩრდილოეთში, რომლის იქით მხოლოდ ალპებია და სადაც „ნაპოლი“ მოსისხლე მტრად მიაჩნიათ, ხვიჩა კვარაცხელიას ასეთი ფანობა…
არადა, კონსპირაციული თეორიების მიმდევარი სულაც არ ვარ…
გიორგი დარჯანია საგანგებოდ სარბიელისთვის
თბილისი-ტურინი-თბილისი