ესეც იტალიის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი: გამართული ტაქტიკური ბრძოლა ბოლო წუთებამდე და ვნებათაღელვა შეხვედრის მიწურულს. ანგარიში 83-ე წუთზე იუვენტუსელმა ხუან კუარდადომ გახსნა, 90+5 წუთზე კი „ინტერის” ბელგიელმა თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ პენალტით გაათანაბრა, რასაც გაწევ-გამოწევა და წითელი ბარათები მოჰყვა. მიზეზი: ლუკაკუმ ცალი ხელით ტურინელ ულტრასებს ხმის ჩაკმენდა უბრძანა, მეორეთი კი სამხედრო სალამი გამოხატა. გარდა ამისა, ლუკაკუმ „იუვეს” გულშემატკივარს შტერებოო, თუ რაღაც ამდაგვარიც მიაძახა, რაც პასუხი იყო იმ შეურაცხყოფაზე, რომელსაც ისინი ტრიბუნიდან მთელი შეხვედრის განმავლობაში აყენებდნენ. გოლის ასეთი აღნიშვნა ლუკაკუსთვის ახალი არ გახლდათ. მას ეს ბელგიის ნაკრებში თამაშის დროსაც გაუკეთებია.
გოლის გაშვების გამო ისედაც გაღიზიანებული „ბებერი ქალბატონის” ფეხბურთელები ლუკაკუს შემოეჯარნენ. თავის მხრივ „ინტერის” მოთამაშეებმა თანაგუნდელი დაიცვეს და დაიწყო ქაოსი. მსაჯმა დავიდე მასამ ვნებათაღელვის ჩასაცხრობად ბელგიელს მეორე ყვითელი ბარათი ამოუღო (პირველი ფედერიკო გატის წინააღმდეგ უხეშობის გამო მიიღო მე-80 წუთზე), რასაც კუარდადოს და „ინტერის” სათადარიგო მეტოქის სამირ ჰანდანოვიჩის გაძევებაც მოჰყვა.
საპასუხო თამაში 26 აპრილს „სან სიროზე” გაიმართება.
მეორე ნახევარფინალური წყვილი — ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე” და „ფიორენტინა” — დღეს და 27 აპრილს თამაშობს.