საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგა პრო დ2-ში 26-ე ტური გაიმართა, ანუ რეგულარული სეზონის დასრულებამდე გუნდებს 4-4 მატჩის ჩატარებაღა დარჩათ და უკვე დღეს ოფიციალურად ცნობილია, რომ „ოიონაქსმა“ ეს პირველობა მოიგო. ამ გუნდმა 96 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან „გრენობლისთვის“ თეორიულადაც მიუწვდომელი გახდა – „ალპელებს“ ხომ „მხოლოდ“ 75 ქულა აქვთ.
არადა, გრენობლელებმა გასულ ტურშიც ბონუსით იმარჯვეს – ლიგიდან თითქმის გავარდნილ „მასის“ სტუმრად 36:7 გადაურბინეს. „გრენობლის“ სასტაროში ლუკა გოგინავა და ირაკლი აფციაური იყვნენ. გოგინავა საოცარ ფორმაშია და მისი გუნდის წარმატებაში გარკვეულწილად ქართველი ბურჯის დამსახურებაცაა. აი, გუშინდელი იუნიორი აფციაური კი თანდათან გუნდის ლიდერად ყალიბდება.
მასიში ირაკლიმაც შესანიშნავად ითამაშა, თუმცა 36-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. 20 წლის ბურჯმა დაზიანება ლელოს გატანისას მიიღო – რაქში იყოჩაღა და სეზონში მეორე ლელო მიითვალა მე-15 მატჩში. სულ კი ახალგაზრდა მორკინალს საფრანგეთის ჩემპიონატში უკვე 21 მატჩში 3 ლელო დაუგროვდა.
ტურში კიდევ ერთი ქართული ლელო დაიდო – აწ უკვე ვეტერანმა ილია კაიკაციშვილმა 3,5-წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა თავის გამოჩენა! აქ ლელოს გატანა იგულისხმება, თორემ 30 წლის ბურჯი თავის უშუალო მოვალეობებს საუკეთესოდ და სტაბილურად რომ ასრულებს, ამის დასტურად თუნდაც ის ფაქტი გამოდგება, რომ კაიკაციშვილმა „რუანის“ წინააღმდეგ პრო დ 2-ში თავისი მე-100 (!) მატჩი ჩაატარა, ხოლო ეს უკანასკნელი ლელო რიგით მე-5 იყო.
კაიკაციშვილის „ნევერმა“ რუანში ქულები დაკარგა – 19:19, ილიამ კი, აფციაურის მსგავსი ლელო, შეხვედრის 24-ე წუთზე გაიტანა.
„ნევერი“ 66 ქულით ცხრილის მე-6 საფეხურზეა, ანუ საპლეიოფო ზონის ბოლო ადგილზე. მის წინ კი ლაშა მაჭარაშვილის „მონ-დე-მარსანი“, ასევე უქართველებო „ვანი“ და „აჟენი“ იმყოფებიან.
ცხრილის ფსკერზე კი წყალწაღებული „მასი“ იმყოფება, მეორე გასავარდნი ადგილის კანდიდატებს შორის კი „მონტობანი“ (45 ქულა), „კარკასონი“ (46), „ანგულემი“ (47) და „რუანი“ (49) არიან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პირველობის ბოლომდე 4 ტურიღა რჩება.