ლუჩანო სპალეტიმ „მილანს” გამარჯვება მიულოცა — ნეაპოლში „როსონერიმ” შესანიშნავი ფეხბურთით 4:0 მოუგო სერია A-ს ლიდერ „ნაპოლის”.
„მილანელებმა დიდებულად ითამაშეს. ძლიერად დაიწყეს და ყველაფრიდან, რის საშუალებაც მივეცით, სარგებელი ნახეს. როდესაც ჩვენ სივრცეების ძიებაში მოედანზე გავიშალეთ, მათ მდგომარეობა სწორად გამოიყენეს. ჩვენ კი საკუთარ შესაძლებლობებზე დაბლა აღმოვჩნდით. მდგომარეობის გამოსწორების ჟინით შეპყრობილი ბიჭები მთელ რიგ ეპიზოდებში კიდევ უფრო მეტად გაიშალნენ და კონტრშეტევები გაეპარათ. აქვე უნდა დავძინო, რომ ჩვენზე ცუდად იმოქმედა სანაკრებო პაუზამ. ამას ოსიმენის ტრავმა ადასტურებს”, — თქვა სპალეტიმ.
„აძურის” თავკაცს აგრეთვე მოუხდა გასახდელში მომხდარი ამბის მისეული ვერსიის მოყოლა. ტელევიზიით მისი და მილანელთა ლეგენდის, პაოლო მალდინის შეკამათება ყველამ ნახა.
„გასახდელში მსაჯს ლობოტკას ყვითელი ბარათის შესახებ ვეკითხებოდი და ის მიხსნიდა. ამასობაში ჩაიარა მალდინიმ და ხელი აიქნია, თითქოს მეუბნებოდა, თქვენ სულ როგორ უნდა ჩიოდეთო. მე ეს არ მომეწონა, მას კი რეაქცია ჰქონდა. სულ ეს არის. ჩემი მხრიდან ვწუხვარ, რომ ასეთი რამ მოხდა, მითუმეტეს, რომ ის პაოლო მალდინია”, — განმარტა სპალეტიმ.
პრესაში კი დაიწერა სხვა ვარიანტი, თითქოს „ნაპოლის” თავკაცმა „მილანის” პორტუგალიელ ფეხბურთელს რაფაელ ლეაოს გოლის აღნიშვნის ფორმა დაუწუნა, მალდინიმ კი თავისი მოთამაშე დაიცვა და სპალეტის უთხრა, რომ ლეაოს აღნიშვნა „ნაპოლის” კი არა, იმ ხალხს ეხებოდა, რომლებიც გარემარბს ბოლო პერიოდში აკრიტიკებდნენ.
„სპალეტი, შენ ძალიან განერვიულებული ხარ, მაგრამ ჩემპიონატი მოიგე და რაღა …. გინდა?”, — ამ ვერსიის თანახმად ასე უთხრა მალდინიმ „პარტენოპეელების” თავკაცს.