ნეაპოლურმა „ილ მატინომ” „ნაპოლისა” და „მილანის” დღევანდელი დაპირისპირების წინ საინტერესო ფაქტები და მწვრთნელების პრეს-კონფერენციათა ციტატები გამოიტანა მკითხველის წინაშე.
ჩოლიტოს დროა
„მილანთან” ვიქტორ ოსიმენის გარეშე თამაში დეჟა ვიუს ელემენტს მოიცავს — ასეთი რამ მეტოქეების პირველი ტურის დაპირისპირების დროს უკვე მოხდა. მაშინ „ნაპოლიმ” ჯოვანი, იგივე ჩოლიტო სიმეონეს გადამწყვეტი გოლის წყალობით გაიმარჯვა (2:1). და აი, მოედანზე დღესაც არგენტინელი იქნება.
5:45-ზე
ეს იმ ხალხს, ვინც თამაშს ტელევიზიით ვნახავთ არ გვეხება, მაგრამ თავისთავად საინტერესოა, რომ შეხვედრა ცენტრალური ევროპის დროით 20:45-ზე იწყება, ორგანიზატორები კი მაყურებელს „დიეგო მარადონაზე” 17:45-დან ურჩევენ მისვლას. ეს დრო უსაფრთხოების სამსახურებს და სტადიონზე შეშვების პროცედურას სჭირდება. შეხვედრის მნიშვნელობა მართლაც დიდია.
დღეს, ხვალ, ზეგ
ლუჩანო სპალეტისთვის ყველაფერი მკაფიოა: დღეს ჩემპიონობა, ხვალ ჩემპიონთა ლიგა, ზეგ კი… ახალი კონტრაქტი. „მე ქალაქ ნეაპოლისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტის წინაშე ვდგავარ, — თქვა „აძურის” მწვრთნელმა, — ჩემი ყურადღებაც მთლიანად ამ მიმართულებით არის კონცენტრირებული. ენერგიის ფუჭად ფლანგვის უფლება არ მაქვს. მინდა ქალაქს მნიშვნელოვანი რამ მივუძღვნა. ფინიშის ხაზთან სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა. დე ლაურენტისს კონტრაქტში აქვს პუნქტი ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ, მაგრამ დღეს მე ეს არ მაინტერესებს. დღეს მხოლოდ შედეგებზე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ფეხბურთელებიც ასე არიან”.
სკუდეტოს აღნიშვნამდე ოფლი უნდა გამოვიდინოთ
ნეაპოლში უკვე ბევრს ლაპარაკობენ სკუდეტოს აღნიშვნაზე, მაგრამ სპალეტის ყურადღების გაფანტვა ხელს არ აძლევს: „გადალურჯებული ქალაქის ყურება სიამაყითა და სიამოვნებით გვავსებს, მაგრამ ეს ჯერ ილუზიაა. ჩვენ ვლაპარაკობთ მოთხრობაზე, რომელიც ჯერ არ დაწერილა და სანამ არ დაიწერება, შრომა უნდა განვაგრძოთ. ჟრიამულმა შეიძლება მოგვატყუოს, არადა წინ დიდი სამუშაო გველის. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ უკვე გავიმარჯვეთ. ჩვენ არ ვფიქრობთ მომდევნო სეზონზე ან თუგინდ მომდევნო თამაშებზე. ჩვენ ზედაპირული ხალხი არ ვართ და არ ავყვებით იმას, რამაც შეიძლება დაგვაბნიოს”, — თქვა სპალეტიმ.
მატჩის ტაქტიკური გასაღები
„ნაპოლი” „მილანს” ბევრი ქულით უსწრებს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში ყველაფერი სხვანაირად იქნება. სპალეტი: „ერთი წლის წინ, ამ ეტაპზე, ჩვენ ერთად ვლიდერობდით. „მილანს” ჰყავს ფეხბურთელები, რომლებმაც იციან, როგორ უნდა ააგონ თამაში დაცვიდან და აგრეთვე ჰყავს ინდივიდუალისტები, რომელთაც შეუძლიათ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები მიგაღებინონ. გარდა ამისა, მათ ჰყავთ ძალიან ძლიერი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ. ვერ გეტყვით, რამდენად შეიძლება შევადაროთ ეს თამაში ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ორ შეხვედრას. მე თვითონ მაინტერესებს. თვალებში ყველას ჩემპიონთა ლიგა გვიდგას. არც ის არის გამორიცხული, რომ ამ შეხვედრაში გამარჯვებამ შემდეგ ორ შეხვედრაში გამარჯვებასაც ჩაუყაროს საფუძველი”.
სპალეტი ოსიმენის შესახებ
„რა თქმა უნდა ოსიმენი მძიმე დანაკარგია, ამის შესახებ სხვას ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ პიოლიც მართალია, როდესაც ამბობს, რომ ეს პირველად არ ხდება და ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს. „ნაპოლის” თამაშს ყველა თავის შტრიხს სძენს. სიმეონეს გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლია. მან იცის თავისი საქმე. მან იცის, რომ ფეხბურთს მარტო ფეხით კი არა, თავითაც თამაშობენ და თავისი როლი კარგად აქვს გაცნობიერებული. ოსიმენი სიმეონეზე სხარტია, მაგრამ სიმეონე ოსიმენს არაფრით ჩამოუვარდება, როდესაც საქმე საჯარიმო მოედანში, კარისკენ ზურგით თამაშს ეხება. მან იცის, როგორ ელაპარაკოს თანაგუნდელებს. ემოციურად გუნდი კარგად გრძნობს თავს. ასეთ მდგომარეობაშიც კი, როდესაც ოსიმენი არ გვყავს”.
პიოლი ოსიმენისა და სხვა საკითხების შესახებ
„მილანის” თავკაცმა სტეფანო პიოლიმ შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე თქვა: „თუ ჩვენ „მილანისთვის” თავდადებით ვითამაშებთ, მოვიგებთ. რაც შეეხება ოსიმენის არყოფნას, ის რასაკვირველია ძალიან ძლიერი თავდამსხმელია, მაგრამ „ნაპოლიმ” მის გარეშე ზედიზედ შვიდი თამაში მოიგო. მე ჩემს გუნდს იმის მიხედვით არ ვათამაშებ, არის თუ არა ოსიმენი მოედანზე.
წლეულს თანმიმდევრულობაში, რასაკვირველია „ნაპოლი” გვჯობია, მაგრამ პირველი წრის შეხვედრაში წაგებას არ ვიმსახურებდით. ჩემპიონატის ბოლო ორი თვე ჩვენთვის წარუმატებელი იყო. ჩემპიონთა ლიგის ორი თამაში კი ხვალინდელი შეხვედრისგან განსხვავებული იქნება. ის სხვა შეჯიბრებაა. მასზე სხვა ფაქტორები მოქმედებენ და ამ ყველაფერს ხვალის მატჩთან საერთო არაფერი აქვს. ერთი წლის წინ არავის ეგონა, რომ ჩვენ სკუდეტოს მოვიგებდით. წლეულს, არავის სჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს გადავლახავთ ან სერია A-ს ოთხეულში შევალთ”.
რაპუანო რიმინიდან
„ნაპოლისა” და „მილანის” შეხვედრას იმსაჯებს ანტონიო რაპუანო რიმინიდან. ეს იქნება ამ არბიტრის მესამე გადაკვეთა „აძურისთან”. წინა ორი შემთხვევა ერთსა და იმავე გუნდთან, „სასუოლოსთან” სტუმრად შეხვედრის დროს მოხდა. „ნაპოლიმ” ორივეჯერ მოიგო, თან შთამბეჭდავად: 6:1 და 4:0.
პირისპირ
„ნაპოლის” და „მილანს” 170-ჯერ უთამაშიათ ერთმანეთთან. „როსონერი” წინ არის: 67 თამაში მოიგო. „ნაპოლიმ” 51-ჯერ გაიმარჯვა. 52 თამაში დასრულდა ფრედ. გოლები: 243:193.