„პარი სენ ჟერმენს” ვიქტორ ოსიმენის ყიდვა სერიოზულად ჰქონია გადაწყვეტილი. თურმე, პარიზული კლუბის წარმომადგენლები ნიგერიელის აგენტებს უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ, მაგრამ მთავარი დაბრკოლება „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისია, რომელიც თავდამსხმელს თუ გაყიდის, 100 მილიონ ევროს ცენტს არ დააკლებს.
ამის შესახებ RMC Sport წერს და მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ ზოგიერთ დეტალსაც ხდის ფარდას. „პარი სენ ჟერმენის” პირველი ნაბიჯი თავად ფეხბურთელის მოთაფვლა ყოფილა. მოგეხსენებათ, ამჟამად ოსიმენი დაშავებულია და სავარაუდოდ, „მილანსა” და „ლეჩესთან” შეხვედრებს გამოტოვებს. პორტალი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს პარიზელი ემისრებისთვის უარი არ უთქვამს, თუმცა ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ის პრემიერლიგაში გადასვლაზე ოცნებობს.
როგორც ჩანს პარიზული კლუბი ტრანსფერის მიმართ ოპტიმიზმით არის განმსჭვალული და „ნაპოლის” კომპენსაციის სახით არგენტინელებს, 30 წლის თავდამსხმელს მაურო იკარდისა და 28 წლის ნახევარმცველს ლეანდრო პარედესს სთავაზობს. ზაფხულამდე ორივე ფეხბურთელი იჯარის წესით არის გასხვისებული, იკარდი „გალათასარაიში”, ხოლო პარედესი „იუვენტუსში”.
თუმცა, ფულს პლუს ფეხბურთელების ფორმატის ტრანსფერი რომც გამოვიდეს, „პარი სენ ჟერმენს” ოსიმენისთვის იმაზე გაცილებით მეტი ხელფასი ექნება გადასახდელი, ვიდრე „ნაპოლი” უხდის.