სანაკრებო პაუზის დროს „ნაპოლისთვის“ კარგი ამბავი ვერ მოხდა – ნიგერიის ნაკრების შეკრებიდან ნეაპოლელთა მთავარი დამრტყმელი ძალა ვიქტორ ოსიმენი ტრავმირებული დაბრუნდა და შესაძლოა, „მილანთან“ სამივე მატჩი (ერთი სერია A-ში, ორი ჩემპიონთა ლიგაში) გამოტოვოს.
ნიგერიელმა ფორვარდმა სანაკრებო შეკრების დროს კუნთი დაიზიანა, ტრავმის სიმძმე ზუსტად მომავალ კვირაში გახდება ცნობილი, როდესაც მას საფუძვლიანად გამოიკვლევენ, მანამდე კი ლუჩანო სპალეტის გუნდს მის გარეშე მოუწევს 2 აპრილს „მილანის“ წინააღმდეგ თამაში.
იტალიურ მედიაში გავრცელებული წინასწარი ვარაუდით, ოსიმენს 15-20 დღე დასჭირდება რეაბილიტაციისთვის, ეს კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში (12 და 18 აპრილს) „მილანის“ წინააღმდეგ თამაშს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, თუმცა ნეაპოლში იმედს არ კარგავენ, რომ ნიგერიელი გამოჯანმრთელებას მოასწრებს…