ორშაბათს, ლიონის „მატმუტ ჟერლანზე“ ქართული რაგბის კიდევ ერთი აღიარების აქტი შედგა.

საფრანგეთისა და ევროპის ალბათ ყველაზე ავტორიტეტულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ თავისი არსებობის 70-ე იუბილე საზეიმდ აღნიშნა და ამ ღონისძიებაზე გამოცემამ ტრადიციული სარაგბო ოსკარებიც დაარიგა.

საუბარი 2021-2022 წლების სეზონის შეჯამებას ეხებოდა და „მიდი ოლიმპიკმა“ საუკეთესო ახალბედად საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ უკანახაზელი დავით ნინიაშვილი დაასახელა.

„დღეს ნინიაშვილი „ლიონის“ ერთ-ერთი ლიდერია, 20 წლის ქართველი კლუბში, ქალაქში და მთელ საფრანგეთში განსაკუთრებით უყვართ მისი შეუდარებელი ნიჭისა და თამაშის ეფექტური მანერის გამო. მან აბსოლუტურად ალალად დაიმსახურა ოსკარი – გასულ სეზონში „ლიონმა“ ჩელენჯ კაპი რომ მოიგო, ხოლო საქართველოს ნაკრებმა იტალია და უელსი დაამარცხა და სულ ახლახან „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი ტრიუმფალურად მოიგო, დავით ნინიაშვილის დიდი დამსახურებაა“, – ასეთი კომენტარი დაურთო „მიდი ოლიმპიკმა“ დათუნას დაჯილდოების ფაქტს.

ცნობისთვის, დავით ნინიაშვილი მეორე ქართველია, რომელიმაც სარაგბო ოსკარი მიიღო. 2012-2013 წლების სეზონის შედეგად საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელ მორაგბედ ლეგენდარული მამუკა გორგოძე დასახელდა.