Mateo Retegui of Italy in action during the UEFA EURO 2024 Qualifying Round Group C football match between Italy and England at Diego Armando...
მატეო რეტეგი

იტალიის ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლი ინგლისთან 1:2 წაგებით დაიწყო. ნეაპოლში „დიეგო მარადონაზე” გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში სტუმრებმა დეკლან რაისმა და ჰარი კეინმა ინგლისი დააწინაურეს 2:0. კეინმა პენალტი გაიტანა. თერთმეტმეტრიანი VAR-ის მითითებით დაინიშნა. „ნაპოლის” კაპიტანს ჯოვანი დი ლორენცოს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვედრია.

მეორე ტაიმის მე-11 წუთზე მატეო რეტეგიმ ლორენცო პელეგრინის პასით სხვაობა შეამცირა, მაგრამ ამან იტალიელებს ვერ უშველა.

„გული მწყდება რომ დავმარცხდით, მაგრამ ძალიან მიხარია იტალიის ნაკრების მაისურით პირველი შეხვედრა რომ ჩავატარე. ამ ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელობა მეამაყება. რასაკვირველია, მერჩივნა მოგვეგო, მაგრამ არა უშავს. ახლა შეცდომები უნდა გამოვასწოროთ და შემდეგ შეხვედრაში გავიმარჯვოთ.

თანაგუნდელებმა კარგად მიმიღეს. მათ გვერდით თავს მშვიდად ვგრძნობ, მიხარია ერთ-ერთი მათგანი რომ ვარ.  პელეგრინიმ საუცხოო პასი მომაწოდა. მიხარია, გოლის გატანა რომ მოვახერხე”, — თქვა მატჩის შემდეგ ბუენოს აირესის სატელიტი ქალაქის ვიქტორიას „ტიგრეს” 23 წლის ფორვარდმა (ეკუთვნის „ბოკა ხუნიორსს”; „ტიგრეში” იჯარით არის), რომელიც 19 და 20 წლამდელთა ასაკში არგენტინის ნაკრებში თამაშობდა და 2018 წელს სამხრეთ ამერიკულ თამაშებშიც კი მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით, იტალიელი ბებიის (დედის დედა) გამო ის რობერტო მანჩინიმ „სკუადრა აძურაში” მიიწვია და ფეხბურთელიც დათანხმდა.

26 მარტს იტალია მალტაში თამაშობს.