Giorgi Mamardashvili of Valencia CF during the La Liga match between Real Madrid and Valencia CF played at Santiago Bernabeu Stadium on February 2,...გიორგი მამარდაშვილის სეზონს ბრწყინვალეს ვერ უწოდებ, მაგრამ 22 წლის მეკარე 2022/23 წლების დასავიწყებელ ჩემპიონატში „ვალენსიას” ყველაზე საიმედო და სტაბილური მოთამაშე რომ არის, ფაქტია. აგვისტოს მერე „მესტალიას” გარშემო ბევრმა ფაქტორმა მოიყარა თავი, რომელთა შორის დადებითი ძალიან ცოტაა და ერთ-ერთი მათგანი სწორედ საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი გახლავთ. ის შეუცვლელი იყო ჯენარო გატუზოსთვის და ვორო გონსალესისთვის. ახლა რუბენ ბარახასთვისაც შეუცვლელია. ქართველმა მეკარემ აგერ უკვე მეორე სეზონია მყარად დაიმკვიდრა ადგილი „ვალენსიას” ძელებს შორის. კარი „ღამურებისთვის” ყველაზე უსაფრთხო და საიმედო ადგილია. ის სჯობს დაცვას, თავდასხმას და რასაკვირველია ნახევარდაცვას.

თუმცა, ისევე როგორც ყველას, ჩავარდნა მიმდინარე სეზონში გიორგისაც ჰქონდა. ქართველმა რამდენიმე ისეთი შეცდომა დაუშვა მისი კლასის მეკარეს რომ არ ეკადრება. ეს განსაკუთრებით მაღალ ბურთებზე გამოსვლას და ფეხით თამაშს ეხება, თუმცა, ჯამში ის თანაგუნდელებზე მაღლა დგას. სწორედ ამიტომ შეიყვანეს ლა ლიგის ძალიან ბევრი ტურის სიმბოლურ ნაკრებში. თავისი ოსტატობის წყალობით „ვალენსიას” მეკარემ რამდენიმე შეხვედრაში გუნდი შეურაცხმყოფელი წაგებისგან იხსნა. იმ 26 ქულიდან, რომელიც „ღამურებს” 26 ტურის შემდეგ აქვთ 7 პირადად გიორგის დამსახურებით არის მოპოვებული. ეს შეიძლება ბევრი არ არის, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ გუნდმა ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლა განაგრძოს. სამწუხაროდ, დღეს „ვალენსიაში” ისეთი მდგომარეობაა, რომ მის მიერ მოგერიებული ბევრი ბურთი ქულად ვერ გარდაისახა.

ლა ლიგაში მოგებული 7 შეხვედრიდან სამში ქართველ მეკარეს პირდაპირი წვლილი მიუძღვის. „მესტალიაზე” „სელტასთან” თამაშის დროს მან იორგენ ლარსენს ისეთი ბურთი აუღო, რომ ამ მომენტმა გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. მისი წვლილი მნიშვნელოვანი იყო პამპლონაში „ოსასუნასთან” მოგებულ შეხვედრაშიც, როდესაც ჯერ არავინ იცოდა როგორ დამთავრდებოდა მატჩი, მამარდაშვილმა კი კიკე გარსიას არ გაატანინა. და მან ლომის წვლილი დაიდო „ბეტისთან” გამარჯვებაშიც. ქართველმა გოლკიპერმა ხუან კრუზის დარტყმა დიდებულად მოიგერია და პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა (1:0) შეინარჩუნა. „სანჩეს პისხუანზე” კი „სევილიასთან” შეხვედრაში (1:1) რაფა მირს ორი დარტყმა აუღო საუცხოოდ.

მეორე მხრივ მას არანაირი როლი არ უთამაშია „ჟირონასთან” (1:0) და „ხეტაფესთან” (5:1) მოგებულ შეხვედრებში. ის აგრეთვე უფუნქციოდ იყო  ბარახას ხელში მოგებულ ბოლო ორ შეხვედრაში „ესპანიოლსა” და „რეალ სოსიედადთან”. იგივე შეიძლება ითქვას ფრედ დამთავრებულ შეხვედრებზე „ესპანიოლთან”, „რეალ სოსიედადთან”, „ალმეირასთან” და განსაკუთრებით „ელჩესთან” (2:2), რომელიც მის ყველაზე ცუდ შეხვედრად შეგვიძლია მოვიაზროთ.

გიორგიმ ვერ გადაარჩინა გუნდი „ატლეტიკოსთან” „მესტალიაზე”, „ვალიადოლიდთან” და „ხეტაფესთან”. მას შეეძლო უკეთ ეთამაშა იმ ეპიზოდებში, როდესაც გოლები გაუტანეს ბერენგერმა, დარდერმა და რაფინიამ.

მამარდაშვილი სეივებით ლა ლიგაში მეხუთე პოზიციაზეა. ქართველს ჯამში 78 დარტყმა აქვს მოგერიებული — საშუალოდ ერთ შეხვედრაში სამი — და მარკ ანდრე ტერ შტეგენზე, ტიბო კურტუაზე, ჯონ ობლაკსა და უნაი სიმონზე წინ არის, მაგრამ რაა გასაკვირი მაში, რომ მოგერიებებში პირველი ოთხი პოზიცია სუსტი გუნდების მეკარეებს უკავიათ.

პირველ ადგილზეა „კადისის” არგენტინელი კარის მცველი იერემის ლედესმა (105 მოგერიება), მეორეზეა „ელჩეს” ედგარ ბადია (103), მესამეზე ფერნანდო მარტინესი („ალმეირა”, 95), ხოლო მეოთხეზე დავიდ სორია („ხეტაფე”, 86).

ანდრეს გარსია, superdeporte.es