სანდრო მამუკელაშვილმა „სან ანტონიოში“ გადასვლის შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა. 23 წლის ქართველმა ფორვარდმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 25.20 წუთში 20 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. ტეხასელებმა კი, ნიუ ორლეანში უშანსოდ წააგეს – 84:119.
მამუკელაშვილისთვის „სან ანტონიოში“ აქამდელი საუკეთესო შედეგი 12 ქულა იყო. სან ანტონიოს ფლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგული აქვს, ხოლო „ნიუ ორლეანი“ იქ მოსახვედრად იბრძვის და გამარჯვებაც ჰაერივით სჭირდებოდა.
„სან ანტონიოს“ ლეგენდარული მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი კი სამომავლო გუნდს აშენებს და როგორც ჩანს, მისი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველი კალათბურთელია. ქართველი ლეგიონერიც მასზე გაცემულ ავანსებს ამართლებს. მთლიანობაში სანდრომ ორქულიანებიც (8-დან 4) და სამქულიანებიც (6-დან 3) 50 %-ანი სიზუსტით ესროლა, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან სამივე ტყორცნა ზუსტად გამოიყენა. სანდრო 20 ქულით „სან ანტონიოში“ საუკეთესო იყო.
გუნდი ახლა დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 ადგილზეა (19 მოგება, 53 მარცხი). პოპოვიჩის გუნდი მომდევნო მატჩს 23 მარტს, მამუს ყოფილ „მილუოკისთან“ გამართავს.
ამ დილას ითამაშა ასევე და „ორლანდო მეჯიქმა“ – 122:112. ბითაძის თანაგუნდელებმა შინ „ვაშინგტონი“ დაამარცხეს. გოგა ბითაძე მწვრთნელმა ისევ სათადარიგოთა სკამზე დატოვა. ორლანდოელები 30 მოგებითა და 43 მარცხით კონფერენციაში მე-13 ადგილზე არიან და ფლეი ოფის ზონას 4 მოგებით ჩამორჩებიან. მომდევნო მატჩს „მეჯიქი“, შინ, „ნიუ იორკ ნიკსთან“ ჩაატარებს.