Lazio team celebrates winning the game after the Serie A match between SS Lazio and AS Roma at Stadio Olimpico on March 19, 2023 in Rome, Italy.დიდი ჩხუბიანი მატჩი გამოდგა იტალიის დედაქალაქის დერბი, „ლაციო” — „რომა”, რომელიც „ლაციომ” მატია ძაკანის გოლით 1:0 მოიგო. შეხვედრის მსვლელობისას „მასპინძლებს” მოედნიდან გაუძევეს ადამ მარუშიჩი, ხოლო „სტუმრებს” როჟერ იბანიესი და ბრიან კრისტანტე. ხშირად იყო გაწევ-გამოწევა.

„კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ სტადიონიდან გამოსვლის დროს ერთ-ერთმა ფეხბურთელმა თქვა: „რა ცუდია, გასახდელებში კამერები რომ არ იყო. ძალიან ისიამოვნებდით”.

მატჩის შემდეგ, ტრიბუნებს ქვეშ, გასახდელებთან მდგომარეობა დაძაბულა. კონფლიქტის მთავარი გმირები „ლაციოს” პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო და „რომას” მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ ყოფილან.

თურმე, როდესაც „ლაციოს” ხალხმა მეტოქის გასახდელთან ჩაიარა, ალესიო რამანიოლიმ, ლუის ალბერტომ და კიდევ ვიღაცამ, რაღაც ცუდი თქვა. ოთახიდან „რომას” მოთამაშეებმა უპასუხეს. აქ, კეთილი განზრახვით საქმეში ლოტიტო ჩაერია — ფეხბურთელების დაშოშმინება გადაწყვიტა. ამ დროს მოვიდა მოურინიუ და ცეცხლს ნავთი დაასხა.

აქ, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ წესით „ლაციოს” „რომას” გასახდელთან არ უნდა ჩაევლო. თამაშამდე „მასპინძლები” მოედანზე მარჯვენა დერეფნით გავიდნენ, გამარჯვების შემდეგ კი გზა გაიმრუდეს და „ჯალოროსის” ოთახთან ჩაიარეს.

მოურინიუ ლოტიტოს მივარდა და ქართველი ადამიანისთვის გასაგები რომ იყოს, დაახლოებით ასეთი რამ უთხრა: „აქ რა ჩემს … ეძებ?” ამაზე ლოტიტომ უპასუხა: „შენ რაღა ჩემი … გინდა? მე „ლაციოს” პრეზიდენტი ვარ, ეს ჩემი სახლია და სადაც მინდა იქ გავივლი. შენ კი აქ არ უნდა იყო”.

მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. დაპირისპირებულებს შუაში მოურინიუს ასისტენტი სალვატორე ფოტი ჩაუდგა. კეთილგონიერება გამოიჩინეს ფეხბურთელებმაც, რომელთაც ემოციები მოთოკეს და მოჩხუბართა დაშოშმინება დაიწყეს. საბოლოოდ, დიდი ძალისხმევის შემდეგ, ყველა თავის გასახდელში შევიდა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ „რომას” გასახდელიდან მარტო მოურინიუს ხმა გამოდიოდა, „ლაციოს” გასახდელში კი ღრიანცელი იყო — ყველა ზეიმობდა. საინტერესოა, შეიტანს თუ არა ლოტიტოსა და მოურინიუს ინციდენტს ოქმში შეხვედრის მსაჯი.

27 ტურის შემდეგ „ლაციო” მეორე ადგილზეა, „ნაპოლის” 19 ქულით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ ორი ტურის წინ „ლაციომ” თვით ლიდერს მოუგო 1:0, თან მის მოედანზე.