მილანში, „სან სიროზე”, „იუვენტუსმა” „ინტერს” 1:0 მოუგო, რის გამოც „ინტერმა” მეორედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერს, „ნაპოლის” უკვე 21 ქულით ჩამორჩება. მეორეზე „ლაციოა”, რომელმაც დედაქალაქის დერბიში „რომას” 1:0 მოუგო. „ნაპოლი” „ლაციოს” 19 ქულით უსწრებს.

„ინტერისა” და „იუვეს” შეხვედრაში ერთადერთი გოლი სერბმა ფილიპ კოსტიჩმა გაიტანა. მას პასი ფრანგმა ადრიენ რაბიომ მიაწოდა, თუმცა ეპიზოდმა დავა გამოიწვია. მასპინძელთა აზრით რაბიომ ბურთი ხელით გაისწორა.

„თუ თქვენ მეკითხებით რატომ უსტვენს „სან სიროზე” შეკრებილი „ინტერის” გულშემატკივარი, ესე იგი კეთილსინდისიერი ადამიანი არ ბრძანდებით, — როყიოდ უპასუხა ტელეწამყვან მარკო კატანეოს „იუვეს” თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ, — ყველაფერში სკანდალს ნუ ეძებთ. გახსოვთ სალერნიტანას კარში გატანილი გოლი? იქ მსაჯი ობიექტური იყო და დღეს სუბიექტური?”

საინტერესოა, რომ ტურინულ გაზეთ „ტუტოსპორტს” ერთი კორესპონდენტი საგანგებოდ ჰყავდა მივლინებული „სან სიროზე” ალეგრის ქცევისა და რეაქციების ჩასაწერად. როგორც ხსენებული კორესპონდენტის წერს, „იუვეს” თავკაცი თავიდან თავის ფეხბურთელებს უყვიროდა, რადგან ისინი ბურთს ჯეროვნად ვერ აკონტროლებდნენ, შემდეგ კი, როდესაც ყვირილმა შედეგი გამოიღო, მსაჯებზე გადაერთო: „არ შეიძლება ერთხელ ჩვენს სასარგებლოდაც დაუსტვინოთ?!”

„ტუტოსპორტი” წერს, რომ მიმდინარე სეზონში ალეგრი განსაკუთრებით გაღიზიანებულია და შესაბამისად იქცევა.

„ინტერის” თავკაცმა სიმონე ინძაგიმ კი მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ასე თქვა: „ოცი რაკურსიდან ჩანს, რომ რაბიომ ხელით ითამაშა. ის, რაც VAR-მა ჩაიდინა წარმოუდგენელია. მათ მითხრეს, რომ საკმარისი რაოდენობით რაკურსები არ იყო. მე პირადად 20 მაინც ვნახე და ყველა მხრიდან ჩანდა, რომ რაბიომ ხელით ითამაშა”.