No description available.საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგაში მორიგი, 24-ე ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 13-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო. პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ლიგაში სატურნირო ვითარება უკიდურესად დაიძაბა და ეს როგორც ლიდერთა ჯგუფს ეხება, ისე გასავარდნი ზონის წარმომადგენლებს.

ერთპიროვნულ ლიდერ „ოიონაქსს“ პირველობა ფაქტობრივად განაღდებული აქვს, რადგან დღეისთვის ეს გუნდი უახლოეს მდევარ „გრენობლს“ მთელი 19 ქულით უსწრებს. გასულ ტურში ლიდერი ვანს ეწვია და 7:17 წააგო. ვეტერანი ბორჯღალოსანი ირაკლი მირცხულავა თამაშში 48-ე წუთზე ჩაერთო.

„გრენობლი“ ქართველების გარეშე „ანგულემთან“ სტუმრად სანუგეშო ბონუსსღა გამორჩა – 16:21. მასპინძელთა სასტარტოში შოთა გოგისვანიძე იყო, რომელიც 37-ეზე შეცვალეს და 70-ეზე დააბრუნეს. ამ გამარჯვებამ „ანგულემი“ გასავარდნი ზონიდან ამიუყვანა.

ტრავმებითა და ნაკრებებში გაშვებული მორაგბეების არყოფნით დასუსტებულმა „ბიარიცმა“ საკუთარ მოედანზე „ნევერთან“ 23:28 წააგო და ბონუს-ქულა მიიღო. ამ მარცხმა ბასკური კლუბი საპლეიოფო ექვსეულში კი დატოვა, მაგრამ იგივე „ნევერი“ უკვე ერთქულიან დისტანციაზე მიუახლოვდა.

„ბიარიცის“ სასტარტოში ლუკა აზარიაშვილი იყო, რომელიც შესვენებისას შეცვალეს, ხოლო კიდევ ერთი ბურჯი ლუკა ჭელიძე მარქაფაში დაუსაქმებლად დარჩა, რადგან ის მეორეხაზელის შემცვლელად შეიყვანეს განაცხადში, იმდენად მძიმე საკადრო პრობლემებია „ბიარიცში“. „ნევერში“ საწყისი 59 წუთი ილია კაიკაციშვილმა ითამაშა, დასკვნითი 27 – თორნიკე მატარაძემ. 48-ე წუთზე კი მეტად სასიხარულო რამ დაფიქსირდა – თამაშში ჩაერთო ბორჯღალოსანი მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი, რომელიმაც მძიმე ტრავმა მოიშუშა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. იმედია, ლაშა მალე დაიბრუნებს ჩვეულ კონდიციებს და ნაკრებში მოსახვედრ კონკურენციაშიც ჩაებმება.

No description available.„ორიაკმა“ კოლომიესთან“ სტუმრობა დიდი მარცხით დაასრულა – 17:38. ორიაკელთა შორის მხოლოდ 2 ქართველი გამოჩნდა – მიხეილ ალანია და ლუკა ნიორაძე.

ვახატნგ ახობაძის, ლუკა პეტრიაშვილისა და სოსო ბეკოშვილის „კარკასონმა“ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი „მონ-დე-მარსანი“ ბონუსით, 37:9 დაამარცხა და თავი გასავარდნ ზონას დააღწია.

ბოლო ადგილზე უიმედო „მასი“ იმყოფება, აი, ბოლოსწინაზე კი ერთობ ტრადიციული „მონტობანია“, რომელმაც თედო აბჟანდაძისა და ოთარ გიორგაძის არყოფნაში მორიგი მარცხი იწვნია – შინ „ბეზიესთან“ 24:33 დამარცხდა. მთელი პირველი ტაიმი და მეორე ნახევრის გარკვეული ნაწილი შერკინებაში ერთმანეთის პირისპირ მირიან ბურდული და გიორგი ახალაძე იდგნენ . ეს იყო და ეს. გადამწყვეტი მატჩები კი უკვე სრული, საუკეთესო შემადგენლობებით გაიმართება.