Badajoz se prepara para recibir el domingo la Fase Final del Rugby Europe Championship | Onda Cero Radioკვირას, თბილისის დროით 23 საათზე, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში ფრანგი რეფერი ლუდოვიკ კეირი სასტვენს ჩაბერავს, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ დაიწყო „რაგბი ევროპის“ 2023 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩი.

ევროპაში ფინალები მხოლოდ სარაგბო საკლუბო ევროტურნირებზე იმართება, მაგრამ 19 მარტის შემდეგ ევროპის ჩემპიონატიც ამ მარაქაში გაერევა. აქამდე, ანუ 2000-დან 2022 წლის ჩათვლით ევროპული რაგბის მეორე ეშელონი პირველის მსგავსად, ერთწრიან და 6-გუნდიან ტურნირად ტარდებოდა, მაგრამ „რაგბი ევროპა“ იმდენადაა მოწადინებული უცვლელი ჩემპიონი საქრთველოს რომელიმე „უფრო ევროპული“ ნაკრების ჩანაცვლებით, რომ შეჯიბრების ფორმატი აწი პლეი-ოფით გვიდგვინდება.

უფრო მეტიც: როცა ცხადი გახდა, რომ ჯგუფური ეტაპიდან ნახევარფინალში აუცილებლად გავიდოდნენ ესპანეთი და პორტუგალია და მათგან ერთ-ერთი უდიდესი ალბათობით ფინალშიც გავიდოდა, გადაწყდა, რომ ფინალი „ნეიტრალურ“ სტადიონზე გაიმართებოდა, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ზედ პორტუგალიის საზღვართან მდებარე ესპანურ ქალაქ ბადახოსშია! აი, ასე!

ბორჯღალოსნები კი ასეთ რამეებს ყურადღებას არ აქცევენ და პორტუგალიელებს დღეისთვის საუკეთესო შემადგენლობით დაუხვდებიან.

ქართველები პორტუგალიელებს ყველა პარამეტრით აღემატებიან – ისტორიულად, ფიზიკურად, გამოცდილებით, ცალკეული მოთამაშეების კლასით „მგლები“ ბორჯღალოსნებთან ახლოსაც ვერ მოდიან. ერთადერთი, თითქმის მშობლიურ კედლებში რომ მოუწევთ თამაში, ეს გარემოებაა მათ მხარეს. თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ესპანეთსა და პორტუგალიაში მცხოვრები ქართველობა არც ამ ჯერზე მიატოვებს თავისი სამშობლოს გუნდს და ჰიმნს ბორჯღალოსნებთან ერთად ტრიბუნაზეც იმღერებს.

ლირიკა იქით იყოს და, პორტუგალიასთან ეს მატჩი იქნება 25-ე. დღემდე ჩვენებმა 17 მოიგეს, 4 წააგეს და კიდევ 3 თამაში ფრედ დასრულდა. მათ შორის ბოლო – 2021-ში, როცა კორონავირუსით გაწამებულ ბორჯღალოსნებში უამრავი დებიუანტი იყო და გუნდი მარცხს რის ვაი-ვაგლახით გადაურჩა.

No description available.სხვა ციფრებიცაა გამოსაყოფი – თუ მოვიგეთ, ეს იქნება ქართველების მე-15 ჩემპიონობა და მე-100 გამარჯვება აღნიშნულ ტურნირზე. შალვა მამუკაშვილი ცენტურიონობისკენ მიმავალ გზაზე 97-ე ნაბიჯს გადადგამს, მერაბ შარიქაძე – 93-ეს, ხოლო ვასილ ლობჟანიძე ალბათ მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე გახდება, რომელმაც 75-კეპიან ნიშნულს უწევს. შეხსნებისთვის, ვასკა ჯერ მხოლოდ 26 წლისაა. ინტრიგა იმაშიცაა, რომ აკა ტაბუცაძეს 25 სანაკრებო ლელო აქვს – იმდენივე, რამდენიც ცენტურიონ დავით კაჭარავას, წინ კი მხოლოდ მამუკა გორგოძეა, რომელმაც 27 ლელოს გასატანად ნაკრებში 80-მდე თამაში ჩაატარა, ტაბუცაძე კი ბადახოსში ნაკრების კვართს მხოლოდ 28-ედ მოირგებს. რეკორდი გარდაუვალია, საკითხავი  მხოლოდ ისაა, თუ როდის დაეწევა აკა მამუკას. ჰო, კიდევ ერთ საინტერესო დეტალი – გამარჯვების შემთხვევაში სანდრო თოდუა გახდება ევროპის 13-გზის ჩემპიონი, ეს კი სრულიად უნიკალური მიღწევა იქნება.

რაც შეეხება პორტუგალიელ „მგლებს“ ისინი ჩემპიონები ერთაერთხელ, 2000-იანების დასაწყისში იყვნენ და ახლა „რაგბი ევროპამ“ ყველაფერი ქნა, რათა თითქმის მასპინძლებმა შორეული კავკასიიდან ჩამოსული გუნდი ჩააჩოჩონ ტახტიდან.

ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ შემოდგომაზე საფრანგეთში გასამართ მსოფლიო თასზე საქართველო და პორტუგალია ერთ ჯგუფში იქნებიან…

მოკლედ, ჰა ბურთი და ჰა – მოედანი! წარმატებები ბორჯღალოსნებს

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა პორტუგალიასთან მატჩში:

1. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 9 კეპი, 0 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 96, 55), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 33, 15), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 45, 5), 5. კოტე მიქაუტაძე (ბაიონი, 81, 15), 6. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 28, 30), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 35, 15), 8. ბექა გორგაძე (პო, 39, 55), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 74, 73), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 41, 329), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 106, 90), 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი, შავი ლომი, 92, 80), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 24, 5), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 27, 125), 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 20, 43).

მარქაფა 16. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 29, 30), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ-92, 36, 10), 18. გურამ პაპიძე (პო, 8, 5), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 9, 5), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 21, 25), 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 44, 27), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 6, 36), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 2, 0).