ბოლო დროს ქვეყნად გაზეთი არ დარჩენილა ხვიჩა კვარცხელიას ფანტასტიკურ ევროპულ  დებიუტს რაიმე ფორმით არ გამოხმაურებოდა. „ნიუ იორკ ტაიმსში“ მთელი გვერდი, „დეილი მეილი“, „ეკიპი“, „მირორი“, „ბილდი“, რუსული გამოცემები… ახლა ამათ პოპულარული  „კიკერიც“ შეუერთდა. გერმანელებმა ქართველ ვარსკვლავბიჭუნას ვრცელი სტატია მიუძღვნეს, რომლის გადმოქართულებული ვარიანტიც, აგერ, თქვენს წინაშეა…

Die 77 trägt er aus einem bestimmten Grund: Khvicha Kvaratskhelia.„ტურინის „იუვენტუსს“ ვითომ თავისი გაჭირვება არ ეყოფოდა, რამდენიმე კვირის წინ რუსეთიდანაც ავად დასცინეს. სოციალურ ქსელებში ყაზანის „რუბინის“ სახელით დაიწერა,  ის როგორ იყო, 2021 წელს 20 მილიონი რომ გებევრათო? სარკაზმი რომ პიემონტელებს სრულად გაეგოთ, ყაზანელმა ახალგაზრდებმა აღნიშნულ პოსტს გამოყოფილი ენებიც ბლომად დაურთეს თან.

პოსტი ხვიჩა კვარაცხელიას ეხებოდა, ქართველს, რომლის ფოტოც „ბილდის“ მეორე ნომერში გამოქვეყნდა და „იუვენტუსის“ 5:1 დამცირებას გამოსახავს. სამი წლის წინ კვარაცხელია ლამის ტურინში გადაბარგდა, იქაური სავარჯიშო ინფრასტრუქტურაც დაათვალიერებინეს, მაგრამ სულ მალე პიემოტში პრეზიდენტი და სტრატეგია ერთად შეიცვალა და ქართველიც ყაზანში მიბრუნდა.

„იუვენტუსისთვის“ ეს შემთხვევა ხელიდან გაშვებული მორიგი შანსი გახლდათ, როგორც 2018 წელს ერიკ ჰაალანდის ტრანსფერის ჩაფუშვა. საერთოდაც, დღეს „იუვეს“ მდგომარეობა „ნაპოლისაზე“ ბევრად უარესია. ამ უკანასკნელს კვარაცხელიას სახით თავდასხმის მარცხენა ფლანგზე ისეთი ცხელი ბილეთი ამოუვიდა, საკუთარ თავს ცოტა ირონიის უფლებაც თუ მისცა, არაფერი უჭირს. ამასობაში საუკეთესო ევროპული კლუბები ხვიჩას რიგში ჩადგნენ, მაგრამ „ნაპოლის“ პრეზიდენტი მის გაყიდვას ისე ცივად უარობს, იფიქრებთ, ქალაქის მფარველი წმინდანის, სან ჯენაროს გაყიდვას ხომ არ სთხოვენო.

კვარაცხელია ჯერ მთლად წმინდანი არ გამხდარა, მაგრამ ფეხბურთის თამაშის უსაშველო ხალისით კი ტიფოზების სისხლს, უკვე თვეებია, კარგად ახურებს. ხშირად იგი უდარდელი ყმაწვილია, რომელსაც ნახევარი „ლივერპულის“ ან „კრემონეზეს“ გაბიაბრუებაც დიდ რამ გმირობად არ მიაჩნია. თავის შიშველი ინსტინქტით და შთაგონებით ხვიჩა თანამედროვე, წინასწარ დაგეგმილი მექანიკური ფეხბურთის ლაბირინთებში თავისუფლად მქროლავი ანარქისტული ნიავია.

პანდა თუ ფერარი?

თავიდან ნეაპოლშიც სკეპსისი სუფევდა. კლუბმა ტრანსფერი აპრილში გააკეთა და „რომა“ და „იუვენტუსი“ ხახამშრალი დატოვა. ქართველი 10 მილიონი ევრო ღირდა, ხელზე ასაღები ხელფასი კი სეზონში მილიონნახევარი დაენიშნა. ფარაონების დონის ხელფასების ეპოქაში ეს არაფერი იყო და „კორიერე დელა სპორტმაც“ მართებულად შენიშნა: „ქება სპორტულ დირექტორ კრისტიანი ჯიუნტოლის, ვინც პანდას ფასად ფერარი იყიდა“. მერე კი გამოიფხიკეს ყურები სხვა სპორტულმა დირექტორებმა, პირველ რიგში „იუვენტუსისამ“, მაგრამ… მაინც ვერავინ იფიქრებდა, თბილისიდან ჩამოსული 21 წლის ბიჭი დიდებს თუ მოერეოდა. ყაზანი და ბათუმი? კი ბატონო, მაგრამ ამ უსახელომ კლუბიდან წასული ინსინიე მარცხენა ფლანგზე როგორ უნდა შეცვალოს? ჯერ საერთოდ, ნეაპოლელებს ამოშაქვრა უჭირდათ და პრესა ხომ სულ კვნესოდა მისი 13 თანხმოვნიანი და 7 ხმოვნიანი გვარსახელის გამოთქმისას. მაგრამ ახლა ტრიბუნები მხოლოდ ხმოვნებს ამოისუნთქავენ „დიეგო არმანდო მარადონაზე“, როცა ქართველი თავის განუჭვრიტავ სირბილს წამოიწყებს, „აუჰ“, „უჰ“ და უცებ „კვარადონა“, „კარავაჯო“ ან „ლაჟვარდისფერი ანგელოზი“…

Kvara 2ფეხბურთს მოკლე მახსოვრობა აქვს და „ნაპოლის“ ალბათ მით უფრო. უკვე სექტემბერში კლუბმა გამოცხადა, 77-ნომრიანი მაისურები ამოგვეწურაო, მაგრამ ისინი უკვე სხვა წყაროებიდან მოდის უწყვეტად. ახლახან ნეაპოლის პოლიციამ არალეგალური ტანსაცმლის წარმოების მორიგი ბუდე მოთხარა, სადაც კვარაცხელიას და ოსიმენის ნომრიანი მაისურები მზადდებოდა. ნიგერიელის 21 გოლის და 4 საგოლე პასის საპირწონედ ხვიჩასი 13 გოლი და 15 საგოლე პასია და ეს ბიჭი ნეაპოლში გვარგამოუთქმელიდან ხელშეუხებლად იქცა: რამდენიმე თვის წინ მანქანა რომ მოპარეს, ცოტა ხანში უკანვე დაუბრუნდა, რადგან: „ნაპოლის“ გმირები გაქურდონ? როგორ გეკადრებათ!

ხვიჩას ირგვლივ ეიფორიას ერთმა ყოფილმა ვოლფბურგელმაც შეუწყო ხელი. კრისტიან ძაკარდო ფეხბურთელობის დასრულებას აგენტობა მოაყოლა და საქართველოში ხშირ სტუმრად იქცა. იქ შენიშნა სწორედ მაშინ „ვინმე“ ხვიჩა კვარაცხელია და ევროპულ კლუბებს და მათ შორის „ნაპოლის“ მასზე ყურადღება გაუმახვილა. „ზოგმა კლუბმა მსუბუქი ინტერესი გამოხატა, „ნაპოლიმ“ კი იმთავითვე მასზე ნადირობა დაიწყო და ორი წელი არ გაჩერებულა. მეც მთელი ეს ხანი კლუბსა და ფეხბურთელს შორის მიმოვდიოდი“, – უთხრა ძაკარდომ „კიკერს“.

77 ნომერი მაისური?

მაშინ კვარა ბურთს რუსეთის ლიგის „რუბინში“ აგორებდა, ძაკარდო კი ხვიჩას გარემოცვას ესაუბრებოდა. სიახლე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა მოიტანა. ხვიჩამ სამშობლოდან ბრაზი იგრძნო რუსეთში თამაშის გამო და კლუბიდან წასვლის ნებართვა ითხოვა. შარშან მარტში იგი „ბათუმში“ მოხვდა და „ნაპოლიმაც“ იალქნებში მეტი ქარი იგრძნო სამოქმედოდ.

იტალიაში გადასვლამდე ქართველის თამაში საქართველოში ერთი დიდი ატრაქციონი იყო. კლუბი რომელიც აქამდე ბურთს რამდენიმე ასეული ქომაგისთვის აგორებდა, „დინამოსთან“ სათამაშოდ გადავსებული ტრიბუნების წინაშე გამოვიდა. ახლა 77 ნომერ მაისურს დიეგოს 10 ნომერივით ვერსად იშოვი. ხვიჩას ქართველ მესის ეძახიან, მაგრამ მისი კერპი კრიშტიანუ რონალდუა და ორმაგი შვიდიანსაც ზურგზე ამიტომ ატარებს.

დოკუმენტური ფილმი

მის ირგვლივ მთელმა ამ აჟიოტაჟმა რეჟისორ გოგი თორაძეს დოკუმენტური ფილმის შექმნისკენ უბიძგა. რეჟისორი უკვე მუშაობს. „ნაპოლი რომ თამაშობს, თბილისი გაყუჩებულია, ყველა ბარში ან კინოთეატრში ზის, სადაც თამაშს უჩვენებენ. ყველამ იცის მწვრთნელი სპალეტი და პრეზინდენტი დი ლაურენტისი, ყველას „ნაპოლის“ ჩემპიონობისა და ევროთავსებზე დიდებული საღამოების ეიმედება“, – ამბობს რეჟისორი

Khvicha Kvaratskhelia feiert sein Führungstor gegen Atalanta.„ნაპოლის“ ბოლო სკუდეტო კვარას DVD-ზე თუ ექნება ნანახი. იგი 2001 წელს, სკუდეტოდან 11 წლის შემდეგ დაიბადა. თბილისის „დინამოს“ ჭაბუკთა აკადემიის ხელმძღვანელი ესპანელია და ჩანს, ხვიჩას წარმატების საიდუმლო კარგად ესმის. „კვარა ქართულ ყაიდაზე თამაშობს“, – ამტკიცებს ანდრეს კარასკო გაზეთ „რეპუბლიკასთან“ საუბარში – „საქმე ცუდად რომც მიდიოდეს, ბევრი ფიქრით თავს არ იწუხებს და შეცდომების დაშვების შემთხვევაშიც მათი შედეგების განსჯაში დიდ დროს არ კარგავს. ის ერთგვარად ხელოვანია, ერთგვარად კი – ანარქისტი“.

და ამნაირად ხვიჩა „ნაპოლის“ ახალ ხატებად იქცა, ვინც თავის თითქმის უსირცხვილო უზრუნველობით და ექსცენტრიკით სერია A-სა და სრულიად ევროპას ახალი ქარი შთაბერა. დიდებული მასალა იქნებოდა შეთავსებით პროდიუსერ დი ლაურენტისისთვის ახალ ფილმებზე სამუშაოდ.

ერთი ხანია ინტერნეტში „ნაპოლის“ მაისურიანი ხვიჩას გოლები და დრიბლინგები მიმოიქცევა. ეს არის ნამდვილი სიმფონია, ჩემპიონთა ლიგის ჰიმნზე უფრო ხმაურიანი და ამ ბგერების ფონზე „ნაპოლიმაც“ უკვე ჩემპიონთა ლიგის მეოთხეფინალშიც შეაბიჯა – პირველად თავის ისტორიაში“.

                                                                                                                                                                     ოლივერ ბირკნერი