ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წინ, რომელშიც ერთმანეთს „ნაპოლი” და „აინტრახტი” ხვდებიან, უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა აღშფოთება გამოთქვა იტალიური მხარის გადაწყვეტილებით, არ დაუშვას სტადიონზე სტუმარი გუნდის გულშემატკივარი. ამის შესახებ ჩეფერინმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელს ZDF-ს უთხრა.
„თუკი ასეთი რამ კიდევ განმეორდება, თუკი გამოჩნდება მხარე, რომელსაც თავის ქალაქში წესრიგის უზრუნველყოფა არ შეუძლია, შეხვედრის ჩატარების ადგილს შევცვლით. ამას ძალიან მარტივად გავაკეთებთ: ახალ წესს მივიღებთ”, — თქვა ჩეფერინმა და დასძინა, — დაუშვებელია იტალიელი ჩინოვნიკები გერმანელ გულშემატკივარს თამაშზე დასწრებას უკრძალავდნენ. სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ზომები, ვინაიდან იტალიელთა გადაწყვეტილება სწორი არ არის”.
სტუმარი ფანების საკითხზე „ნაპოლის” თავკაცს ლუჩანო სპალეტისაც მოუხდა ლაპარაკი. პრეს-კონფერენციაზე მან თქვა: „აკრძალვა პირველ შეხვედრაში მომხდარმა ამბავმა განაპირობა. ფრანკფურტის სტადიონზე უსაფრთხოება კარგად არ იყო დაცული და ჩვენი ქომაგები უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდნენ. მე დეტალებში ვერ შევალ, რადგან წესრიგის დაცვას თავისი პროფესიონალები ჰყავს. თუ არსებობს რისკი იმისა, რომ რაიმე ცუდი შეიძლება მოხდეს, მაშინ ჩარევა სწორი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ოფიციალურ სტრუქტურებს ვენდობით და მათ გადაწყვეტილებებს პატივს ვცემთ. ეს „ნაპოლისთან” არაფერ შუაშია”.
ბოლო ინფორმაციით ნეაპოლში იტალიისავე ქალაქ სალერნოდან დაახლოებით 400 გერმანელი გულშემატკივარი აპირებს ჩასვლას. სავარაუდოდ, ეს გახლავთ ხალხი, ვინც აკრძალვა ყურად არ იღო და „მარადონას” სტადიონისკენ სხვადასხვა გზით მიიწევს.
ის, რომ ფრანკფურტელი ფანები მაინც ჩავიდოდნენ კამპანიის დედაქალაქში, იმთავითვე იყო ცნობილი იყო. რამდენი გერმანელი აიღებდა თავზე ხელს, რასაკვირველია ცნობილი ვერ იქნებოდა, მაგრამ ახლა ეს რიცხვით მეტ-ნაკლებად გაირკვა. აღსანიშნავია, რომ იყო ერთი „ლაფსუსიც” — გერმანელებისთვის თამაშზე დასწრება იოლად თავად იტალიელებსაც არ მიუღიათ. იყო დროის მცირე მონაკვეთი, როდესაც მათ სამართალდამცველთა თავდაპირველი გადაწყვეტილება გააუქმეს და ბილეთები თავისუფალ გაყიდვაში გაუშვეს, მაგრამ მერე პოლიციამ ისევ იძალა და გაყიდვა შეაწყვეტინა. ამიტომაც, შესაძლოა ხსენებული 400 გერმანელი სწორედ ამ „ფანჯრის” დროს შეძენილი ბილეთებით მიემგზავრებოდეს ნეაპოლისკენ.
აღსანიშნავია, რომ სტუმარი გუნდის გულშემატკივრებთან დაკავშირებული პრობლემები იყო პორტუგალიაშიც, სადაც წუხელ „პორტუმ” და „ინტერმა” 0:0 ითამაშეს. მილანის გუნდი მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ ფეხბურთელების სიხარული მისმა გულშემატკივარმა ვერ გაიზიარა. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთები ჰქონდათ, ბევრი მათგანი მასპინძლებმა სტადიონს გარეთ დატოვეს. მოხდა გაუგონარი რამ. თითქოსდა მატჩზე დასასწრები ბილეთები ე.წ. თავისუფალ გაყიდვაში იყო, მაგრამ პორტუგალიელებს მათი შეძენის წესებისთვის მიუწერიათ პოსტ სკრიპტუმი, რომლის თანახმადაც გამოდიოდა, რომ არა-პორტუგალიელ ფანებს სტადიონზე შესვლის უფლება არ ექნებოდათ. ასეთმა აბდაუბდამ „დრაგაოს” სტადიონის მისადგომებთან დიდი პრობლემები გამოიწვია.