ხვალ, ნეაპოლში, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩია, „ნაპოლი” ფრანკფურტის „აინტრახტს” მასპინძლობს. ამ შეხვედრას განსჯის 44 წლის ინგლისელი (მანჩესტერელი) არბიტრი ენტონი ტეილორი, რომელიც „აძურისთან” ცხოვრებაში ერთხელ გადაკვეთილა — 2018 წელს ლაიფციგში გაუძღვა ევროლიგის საპასუხო მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრას, რომელიც ნეაპოლელებმა 2:0 მოიგეს, მაგრამ ვინაიდან პირველ შეხვედრაში 1:3 ჰქონდათ წაგებული, შეჯიბრებას გამოეთიშნენ. მაშინ „პარტენოპეელებს” მაურიციო სარი წვრთნიდა.
აი, ბედმა ტეილორი და „ნაპოლი” ხუთი წლის შემდეგაც შეახვედრა ერთმანეთს. მესამე მონაწილე კვლავ გერმანული გუნდია — ამჯერად „აინტრახტი”. საქმეში კვლავ ურევია 2:0 ნეაპოლელთა სასარგებლოდ, ოღონდ ახლა ეს გახლავთ გერმანიაში ჩატარებული პირველი შეხვედრის შედეგი.
რაც შეეხება ტეილორსა და „აინტრახტს”, ისინი ორჯერ გადაკვეთილან. ორივე თამაში ევროლიგის 2018-19 წლების გათამაშებისა იყო. მეთექვსმეტედფინალში ფრანკფურტელებმა 2:2 ითამაშეს „შახტართან”, ხოლო მეოთხედფინალში 4:2 მოუგეს „ბენფიკას”.
ტეილორს დაეხმარებიან თანამსაჯები გარი ბესვიკი და ლი ბეტსი. მეოთხე არბიტრი იქნება მაიკ ჯონსი. VAR-თან ისხდებიან ჰოლანდიელები პოლ ვან ბოეკელი და იერენ მანსხოტი.