პრესტიჟული ამერიკული გაზეთის „ნიუ იორკ თაიმსის” კორესპონდენტი რორი სმიტი ნეაპოლში საგანგებოდ ხვიჩა კვარაცხელიასთან დასალაპარაკებლად ჩავიდა.
არადა, თავიდან, როდესაც იტალიაში გაიგეს, რომ „ნაპოლი” ძნელად გამოსათქმელი გვარის მქონე ვიღაც ქართველ ფეხბურთელს ყიდულობდა, სკეპტიკურად განეწყვნენ. არავის სჯეროდა, რომ კრისტიანო ჯიუნტოლის მიერ ბათუმის „დინამოდან” 10 მილიონ ევროდ ნაყიდი მოთამაშე გამოდგებოდა. მერე რა, რომ ის სამშობლოში „აჭარაბეთ არენას” ავსებდა და ნაკრებშიც გოლი გოლზე გაჰქონდა, მას ხომ ევროპაში ბურთი არ გაეგორებინა. დღეს კი ყველა კვარაცხელიაზე ლაპარაკობს.
და აი, საქართველოს ეროვნული გუნდისა და „ნაპოლის” მარცხენა გარემარბს თვით „ნიუ იორკ თაიმსმა” მთელი გვერდი(!) დაუთმო.
„ბათუმში შიშობდნენ, რომ „აჭარაბეთ არენა” თავისი ტალღოვანი თაღებით და განათებული ფასადით თეთრ სპილოდ გადაიქცეოდა. ბათუმი ხომ წარმტაცი საკურორტო ქალაქია, რომელსაც 20 ათასიანი სტადიონი წესით არ უნდა სჭირდებოდეს. „დინამო”, ადგილობრივი კლუბი, რომლის სახლიც არის ეს სტადიონი, ჩვეულებრივ ამის ნახევარს თუ ავსებდა. მაგრამ აპრილის დასაწყისში იქ ხვიჩა კვარაცხელია ჩავიდა”, — წერს მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გაზეთი და განაგრძობს:
„იმ სამი თვის განმავლობაში, რომელიც კვარაცხელიამ ბათუმში გაატარა, სტადიონზე ყველა ადგილი შევსებული იყო. ტურისტები, რომლებიც შავი ზღვის პლაჟებზე ისვენებდნენ, თავიანთ მარშრუტებში ფეხბურთის მატჩსაც ამატებდნენ. მეგობრები, ნათესავები, მეზობლები, კოლეგები და უბრალო ნაცნობები, „დინამოს” გულშემატკივრობდნენ თუ რომელიმე სხვა გუნდს, ბილეთებს ითხოვდნენ. „ჩვენს თამაშებზე სტადიონები ყველა ქალაქში ივსებოდა,” — ამბობს „დინამოს” მწვრთნელი გია გეგუჩაძე. კვარაცხელიასთვის თვალის შევლება მთელს საქართველოს უნდოდა. იმ ქალაქებშიც კი, სადაც ჩვეულებრივ ასი-ორასი მაყურებელი დადის, ტრიბუნებზე ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ იყო”.
შემდეგ „ნიუ იორკ თაიმსი” კვარაცხელიას შესახებ ასე წერს: „როდესაც ის რუსეთში თამაშობდა, მისი ნიჭის ამბავი სპეციალისტებს მთელს კონტინენტზე კარგად მოეხსენებოდა. შესაძლოა მის შესახებ უფრო ადრეც იცოდნენ. მას „იუვენტუსი” და „ტოტენჰემი” აკვირდებოდნენ, „ნაპოლი” კი ორი წელიწადი სდევდა. კვარაცხელიას მიმზიდველობა მის უნიკალურობაშია. ის იმ მოთამაშეებს განეკუთვნება, რომლებსაც თანამდროვე ფეხბურთი თავისი ინდუსტრიით და სტილისტური მოდელებით აღარ აწარმოებს: ვერცხლისწყალივით სხარტი, ინტუიციით აღსავსე, ნონკორფომისტი და რაღაცნაირად ველური.
კვარაცხელია ევროპის ყველაზე ამაღელვებელი ფეხბურთელია. ევროპული ფეხბურთი სიურპრიზებს აღარ გვთავაზობს. დიდი ჩემპიონები რასაკვირველია კვლავ ყურადღების ცენტრში არიან, მათ გააქვთ გოლები, ხვდებიან გამოცემათა გარეკანებზე, მაგრამ კვარა სხვაა.
გასულ ზაფხულამდე გულშემატკივარმა მის შესახებ ფაქტობრივად არაფერი იცოდა, რამდენიმე თვეში კი მან მთელი მსოფლიოს გულები დაიპყრო, ხოლო მეტოქეთა შიში და პატივისცემა მოიპოვა. ეს არის მომაჯადოვებელი ისტორია რომელიც შედგება ნიჭისა და კეთილშობილებისგან, რომელსაც ემატება ტერიტორიული ელემენტი და ნეაპოლში ფეხბურთელის კულტი, რასაც იქ სიტყვათა თამაშით კვარავაჯოთი და კვარადონათი გამოხატავენ”.