76 წლის ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, „ვესტ ჰემის”, „ტოტენჰემისა” და პრემიერლიგის სხვა გუნდების თავკაცმა ჰარი რედნაპმა Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში სერია A-ზე ილაპარაკა.
„რად უნდა თქმა, რომ „ინტერი” და „მილანი” დიდი ტრადიციის მქონე კლუბები არიან, მაგრამ ერთადერთი, ვინც დღეს იტალიაში ტოპ-გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, „ნაპოლია”. ის, რასაც ეს გუნდი აკეთებს, დაუჯერებელია. სხვაობა, რომლითაც მან მდევრები ჩამოიტოვა — შემაშინებელი”, — თქვა რედნაპმა.
მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრებში სამივე იტალიურმა გუნდმა გაიმარჯვა: „ნაპოლიმ” სტუმრად მოუგო „აინტრახტს” (2:0), „ინტერმა” შინ დაამარცხა „პორტუ” (1:0), ხოლო „მილანმა” იმავე ანგარიშით შინ აჯობა „ტოტენჰემ ჰოთსფურს”.