„ნაპოლის” ნიგერიელ თავდამსხმელს ვიქტორ ოსიმენს რომში უცხოური პრესის ჯილდო გადასცეს. ის დაჯილდოების ცერემონიალს კლუბის პრეზიდენტთან აურელიო დე ლაურენტისთან ერთად ესწრებოდა. ფორვარდმა დაფასებისთვის დიდი მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას, ოსტატობის ზრდისთვის კი „პარტენოპეელთა” მწვრთნელს ლუჩანო სპალეტის უძღვნა მადლიერებით სავსე სიტყვები.
„სპალეტი საგანგებო ფიგურაა. სწორედ მის გამოა წლეულს ასეთ შედეგებს რომ ვაღწევთ. ის ძალიან მეხმარება ოსტატობის ამაღლებაში. მინდა მადლობა მოგახსენოთ ყველას, რადგან თქვენ მიგაჩნიათ, რომ ტოპ-მოთამაშე ვარ. ამისათვის კი განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მწვრთნელს”.
ოსიმენმა არც თავისი პარტნიორი და გოლების თანაავტორი ხვიჩა კვარაცხელია დაივიწყა:
„კვარაცხელია განსაკუთრებულია. გუნდში ის ყველას უყვარს. ვფიქრობ, უახლოეს წლებში კვარა „ოქროს ბურთის” მოგებას შეძლებს და ვიმედოვნებ, რომ „ნაპოლის” დიდებას მოუტანს”.
ცნობილია, რომ ნიგერიელის შეძენით პრემიერლიგის კლუბები არიან დაინტერესებულნი. თავდამსხმელმა არ დამალა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ინგლისში გადასვლაზე თავადაც ოცნებობს.
„მუხლჩაუხრელი ვმუშაობ, რათა ერთ დღეს პრემიერლიგაში გადავიდე, მაგრამ მანამდე სერია A-ში თამაშით ვიღებ დიდ სიამოვნებას. სერია A მშვენიერი და იმავდროულად რთული ლიგაა. აქ ძალიან დიდი დაძაბულობაა”, — თქვა ოსიმენმა.
ცნობილია, რომ ნიგერიელი ფორვარდის კერპი არის კოტ დ’ივუარელი ვეტერანი დიდიე დროგბაა, თუმცა მას სხვა თავდამსხმელებიც შთააგონებენ:
„დიახ, ჩემი საყვარელი ფეხბურთელი დროგბაა, მაგრამ რობერტ ლევანდოვსკი და სამუელ ეტო’ოც ყოველთვის აღმაფრთოვანებდნენ”.
თავის ცნობილ ნიღაბზე კი „აძურის” თავდამსხმელმა ასე თქვა: „მე მას არ მოვიხსნი. ის გულშემატკივრებს ძალიან ახალისებს. მის გამო ქალაქში ბევრი ორიგინალური რამ ხდება. რამდენიმე საათის წინ ახალი კერძი ოსიმენის მიდიებიც კი გააკეთეს”.