„ვალენსიას” ლეგენდარულმა მეკარემ სანტიაგო კანისარესმა, რომელიც რადიო COPE-ზე გადაცემა Tiempo de Juego-ს ანალიტიკოსია, „კამპ ნოუზე” 0:1 დამარცხების შემდეგ „ღამურების” თავკაცი, ყოფილი თანაგუნდელი რუბენ ბარახა გააკრიტიკა.
„ბარსას” და „ვალენსიას” შეხვედრამ ესპანური პრესისა და ტელევიზიის საყოველთაო ყურადღება იმით მიიქცია, რომ მსაჯმა ბარსელონელი ფრანკ კესიეს მიერ ვალენსიელი ფრან პერესის წაქცევის გამო პენალტი არ დანიშნა და მეტიც, VAR-მა ეპიზოდი არც კი შეამოწმა. „ბლაუგრანამ” მოიგო 1:0 და ლიდერობა განიმტკიცა, თუმცა სადავო ეპიზოდებს თავი დავანებოთ და დავუბრუნდეთ კანისარესის მოსაზრებას.
„ამ შეხვედრისადმი „ვალენსიას” დამოკიდებულება ძალიან კონსერვატული იყო, ცვლილებები კი მეტოქის ფეხბურთელის გაძევების შემდეგ — დაგვიანებული”, — დაწერა ყოფილმა მეკარემ ტვიტერზე.
საინტერესოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კანისარესი ყოფილ თანაგუნდელს აკრიტიკებს. რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ბარახა ანუ იგივე პიპო „ჩეების” მწვრთნელად დაინიშნა, კანისარესმა თქვა: „ბევრ ადამიანს აინტერესებს, რატომ არ ამოუღია ხმა კლუბის ზოგიერთი ლეგენდას „მერიტონის” წინააღმდეგ?”. „მერიტონი” გახლავთ კომპანია, რომლის უკანაც სინგაპურელი მილიარდერი პიტერ ლიმი დგას.
ცხადია, „ზოგიერთ ლეგენდაში” კანისარესმა სწორედ ბარახა იგულისხმა. ყოფილი მეკარის აზრით ბარახას იმედი ჰქონდა, რომ ლიმს სამსახურს გამოსტყუებდა და ამიტომაც არ აპროტესტებდა მის არასწორ პოლიტიკას. შეგახსენებთ, რომ რუბენ ბარახა „ვალენსიას” მწვრთნელად ცოტა ხნის წინ დანიშნეს. გუნდმა სეზონი ჯენარო გატუზოს ხელში დაიწყო, რომელიც რამდენიმე თამაშით შეცვალა ვორომ. პიპო ვოროს შემდეგ მოვიდა.