გასულ უქმეებზე ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩები გაიმართა და სურათი ისევ შარშან-შარშანწინდელს დაემსგავსა. ორ-ორი მოგებით პირველ-მეორე ადგილებს ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტები „დინამო“ და „ბათუმი“ იყოფენ.
ზღვისპირელები თავიდან აგებდნენ „საბურთალოსთან,“ მაგრამ მეორე ტაიმში იძალეს და 3:1 გაიმარჯვეს.
„დინამომ“ „სამტრედიას“ 4:0 სძლია. თამაში გორის „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გაიმართა. „დინამო არენაზე“ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატთან დაკავშირებით რეკონსტრუქცია მიმდინარეობს და დროებით ჩემპიონი სტუმრებს გორში იღებს.
დებიუტანტმა „შუქურამ“ მოულოდნელად „სამგუალი“ დაამარცხა (2:1), რომელსაც ევროზონის ერთ-ერთ კანდიდატად მიიჩნევენ. გუნდებმა მატჩი კაცნაკლულებმა ჩაამთავრეს. მსაჯმა მე-9 წუთზე ჯერ წყალტუბოელი ომარ პატარკაციშვილი გააძევა, შემდეგ კი 37-ზე, ქობულეთელ ირაკლი ლექვთაძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან დაითხოვა.
სამტრედიაში გამართულ შეხვედრაში (ქუთაისის „რამაზ შენგელიას“ სახელობის სტადიონზეც რეკონსტრუქციაა), ასევე სამეულის პრეტენდენტები: „ტორპედო“ და „დილა“ ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ – 0:0.
ასევე უგოლდ დამთავრდა „თელავი“ – „გაგრას“ შეხვედრა, რომლებიც ერთმანეთს რუსთავის ტექნიკურ ცენტრში დაუპირისპირდნენ. გაგრელმა ვასილ ხოსიტაშვილმა მე-4 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა, თორემ ვინ იცის, რა მოხდებოდა.