გასულ უქმეებზე საფრანგეთის ორივე ელიტურ სარაგბო ლიგაში რეგულარული ჩემპიონატების ტურები გაიმართა: ტოპ 14-ში – მე-20, ხოლო პრო დ2-ში – 23-ე.

ეს იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს დივიზიონში პლეი-ოფამდე 6 ტური დარჩა გასამართი, ხოლო მეორეში – 7. ანუ რეგულარულები ფინიშის სწორზე გავიდნენ და ყოველი მატჩის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

No description available.ტოპ 14

ამასობაში, იმის გათვალისწინებით, რომ ბორჯღალოსნები რუმინეთთან გამარჯვებას გასული ტურის პარალელურად ჭედავდნენ, ტოპ 14-ში მათი რაოდენობა მინიმუმამდე იყო დაყვანილი. მე-20 ტურში 4-მა მათგანმა ითამაშა: ლექსო ყაულაშვილმა თავის „ბორდოში“ მეორე ტაიმის 25 წუთი გაატარა მინდორზე, თუმცა ბრივში გამარჯვება მის გუნდს ისედაც არ გასჭირვებია – 28:7.

ლევან ჩილაჩავამ სულაც ბოლო 12 წუთი ითამაშა და „კასტრს“ „ლიონის“ დამარცხებაში დაეხმარა – 27:22. გიორგი თეთრაშვილის „პერპინიანმაც“ მოიგო – „ბაიონს“ 34:27 სძლია, ხოლო ქართველმა ბურჯმა თამაშში ბოლო ნახევარი საათი გაატარა. „რასინგ-92“-მა კი პარიზში ლიდერ „ტულუზთან“ ცხარე ბრძოლა დათმო – 35:39. სანუგეშო ბონუსის მოპოვებაში დედაქალაქელებს  გია ხარაიშვილი დაეხმარა, რომელიც სასტარტოში იყო და 51-ემდე ითამაშა.

„ტულუზს“ 67 ქულა აქვს, მეორეადგილოსან „ლა როშელს“ – 56. მესამე-მეექვსე ადგილებზე  55, 54, 53 და 50 ქულით შესაბამისად „სტად ფრანსე“, „ლიონი“, „ბორდო“ და „ბაიონი“ იმყოფებიან. ცხრილის ფსკერზე 26-ქულიანი „ბრივია“, ხოლო მის წინ „პო“ მოექცა 33 ქულით.

No description available.პრო დ2

პრო დ2-ში ქართული წარმომადგენლობა გაცილებით სოლიდური აღმოჩნდა. 23-ე ტურში 17-მა ჩვენებურმა იასპარეზა, რომელთაგან რვამ მატჩი თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.

ინდივიდუალურ წარმატებას კი ერთადერმა მიაღწია. „ორიაკის“ მეორეხაზელმა გიორგი ჯავახიამ „რუანთან“ საშინაო მატჩი სასტარტოში დაიწყო, პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა და ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად მინდორზე 68-ე წუთზე დაბრუნდა. 30-ეზე კი გიორგიმ თავისი გუნდის ხანგრძლივი შტურმი ჩვეულ სტილში დააბოლოვა. „ორიაკის“ მრავალფაზიანი შეტევა ლელოს ხაზთან შეფერხდა, რამდენიმე უნაყოფო მცდელობის შემდეგ კი ჯავახიამ ბურთი იხელთა და ცხადი გახდა, რომ უაღრესად ღონიერი ქართველის შეჩერებას რუანელები ვეღარ შეძლებდნენ. საბოლოოდ „ორიაკმა“ 29:26 მოიგო, ხოლო გიორგიმ სეზონის მე-20 მატჩში მესამე ლელო მიითვალა, ხოლო მის ფრანგულ კარიერაში პრო დ2-ის 85 მატჩში უკვე 7 ლელოა.