No description available.ბორჯღალოსნები ფინალში გავიდნენ. ავჭალაში გამართულ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინელი „მუხები“ 31:7 დაამარცხა და 2023 წლის პირველობის მთავარ მატჩში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

No description available.ხანგრძლივი წვიმის მიუხედავად „ავჭალის“ სათამაშო მინდორმა თავისი იდეალური მდგომარეობა საფინალო სასტვენამდე შეინარჩუნა, არადა მის კონდიციას ორი ძალისმიერი გუნდის ცხარე ჯახი დიდ საფრთხეს უქმნიდა. მინდვრის საფარმა გაუძლო ისევე, როგორც ქართველთა დაცვამ.

No description available.ამ კომპონენტში ბორჯღალოსნებს წლეულს პირველი სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუხდათ, რადგან რუმინელები დანარჩენ „მეორეხარისხოვან“ სარაგბო ევროპაში სხვებზე ტრადიციულად ძლიერები არიან. ეს გუნდი ოდითგანვე აქცენტს შერკინების სიმძლავრეზე, დერეფნებში ძლიერ თამაშზე და მოლებით შეტევებზე აკეთებს და ასე იყო ამჯერადაც. პრინციპში, ამინდიდან გამომდინარე ასეთ სტილში თამაშმა ქართველებსაც მოუწიათ, მაგრამ ლევან მაისაშვილის რაზმმა გაცილებით მრავალფეროვანი, მწიფე და ჩამოყალიბებული რაგბი ითამაშა.

ამის ხილვა განსაკუთრებით სასიამოვნო სწორედ რუმინელებთან დაპირისპირებაში იყო, რადგან ბოლოდროინდელი რეგრესის მიუხედავად, რუმინეთის ნაკრები მაინც გამოირჩევა საკუთრივ რაგბის ცოდნითა და თანდაყოლილი კლასით. ეს ყოველთვის „ეშმაკი“ გუნდია, რომელიც არც ჩუმჩუმელა ფოლებს ერიდება და თამაშის ნიუანსების ცოდნას ნებისმიერ ეპიზოდში ამჟღავნებს. ამიტომ მათთან ყოველი მატჩი ქართველებისთვის ნამდვილი გამოცდაა, რომელშიც ექსპერიმენტების უფლებას თავს ვერაფრით მისცემ.

ჰოდა, ასეთ ვითარებაში ერთის წილ ოთხი შესანიშნავი ლელოს გატანამ, უამრავი ლამაზი ეპიზოდის შექმნამ და ასევე მეტოქის არაერთი მძლავრი შეტევის ჩაშლამ ძალიან მაგარი სარაგბო სეირი მოგვცა ამ თამაშის მოყვარულებს. ჩვენს ნაკრებს კლასი აშკარად უფრო მაღალი აქვს დანარჩენ ევროპულ „მეორე დონეზე“ და როდემდე უნდა გვატკეპნინონ ეს დიდი ხნის წინ დატკეპნილი ადგილი, მხოლოდ ექვსი ერის მამებმა უწყიან.

ჯერ თედო აბჟანდაძემ გაიტანა ჯარიმა, მერე კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ცენტრიდან გაჭრა ხაზი და ბურთი ძელებშუა დადო. თედომ, ცხადია, გარდასახა და ტაბლოზე 10:0 აანთო. კაპიტნისთვის კი ეს ლელო მე-16 იყო ბორჯღალიანი კვართით 92-ე  კეპის მოხვეჭისას. მაგრამ როგორც პირველი, ისე მეორე მაჩვენებლითაც ბუკას სტატისტიკასაც აღემატებიან ზოგ-ზოგიერთები.

მაგალითად, მომდევნო ლელო საკუთარ ანგარიშზე სანდრო თოდუამ ჩაიწერა, რომელმაც თავის მარცხენა ფლანგზე ჩვეულად გაინავარდა და კარიერის 106-ე სანაკრებო მატჩში მე-18 ლელო ჩაიწერა! მეორე ტაიმში საქმეში კიდევ ერთი ვეტერანი ჩაერთო – შალვა მამუკაშვილმა ცენტურიონობისკენ 96-ე ნაბიჯი გადადგა! ხოლო სულ ბოლოს, თამაშის დასკვნით წუთზე აკაკი ტაბუცაძემ საფირმო ფორსაჟი ჩართო, ყველას და ყველაფერს გაექცა და რაც მთავარია, დიდ დავით კაჭარავას დაეწია – ორივეს 25-25 სანაკრებო ლელო აქვს! წინ მხოლოდ დიადი მამუკა გორგოძეა 27 ლელოთი და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ 26 წლის გარემარბი სულ მალე ქართული რაგბის უპირველეს ლეგენდასაც ჩაუქროლებს!

აკას ლელომდე ჩვენმა შერკინებამ რუმინული გადათელა და ე.წ. ტექნიკური ლელო გაახერხა.

აი, ასეთი ღირსშესანიშნავი დღე იყო „ავჭალაზე“, შარიქაძე მატჩის საუკეთეს მოთამაშედ დასახელდა, ნაკრები ფინალში გავიდა, რომელიც 19 მარტს ზედ პორტუგალიის საზღვართან მდებარე ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გაიმართება სწორედაც რომ პორტუგალიელების წინააღმდეგ, რომელთაც შაბათს ესპანეთს 27:10 სძლიეს. დღის გვირგვინი კი კაპიტნის მიერ სარბიელელების იდეის წყალობით შექმნილ ანთიმოზ ივერიელის თასის აღმართვა იყო, რომელიც ქართველებსა და რუმინელებს შორის კი თამაშდება, მაგრამ უკვე რამდენი წელია, მუდმივად თბილისში ბინადრობს.