დღეს „ნაპოლი” „ლაციოს” მასპინძლობს. სტატისტიკის თანახმად, შინ ნეაპოლელებს რომაელებთან აგერ უკვე ზედიზედ შვიდი შეხვედრა არ წაუგიათ: 6 მოუგეს და 1 ფრედ ითამაშეს. ბოლოს „ლაციომ” ნეაპოლში 2015 წლის 31 მაისს გაიმარჯვა (4:2). მაშინ „აძურის” მწვრთნელი რაფა ბენიტესი იყო.
დღევანდელი მატჩის მონაწილე გუნდებისა და ადამიანების ბედი ძალიან არის გადახლართული. ეს განსაკუთრებით კარგად 2018 წლის ისტორიიდან ჩანს, როდესაც „ლაციოს” ახლანდელი თავკაცი მაურიციო სარი „ნაპოლის” წვრთნიდა და ჩემპიონობისთვის იბრძოდა. მისი აზრით მაშინ სკუდეტოს ბედი 29 აპრილს, 35-ე ტურში გადაწყდა, როდესაც „პარტენოპეელები” ფლორენციაში „ფიორენტინასთან” 0:3 დამარცხდნენ. „ნაპოლის” სამივე გოლი მისმა ამჟამინდელმა თავდამსხმელმა ჯოვანი სიმეონემ გაუტანა, რომელიც „ფიორენტინაში” თამაშობდა. იმ მატჩში სტუმართა გუნდის ცენტრალური მცველი კალიდუ კულიბალი მე-8 წუთზე გააძევეს მოედნიდან.
2018 წლის 35-ე ტურის დრამატიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ფლორენციაში გამართული შეხვედრის წინა დღეს, მილანში, „სან სიროზე”, „ინტერმა” 2:3 წააგო „იუვენტუსთან”. ამ შეხვედრას „ნაპოლის” მწვრთნელი და ფეხბურთელები სასტუმროში უყურებდნენ და ნირი წაუხდათ. „ინტერი”, რომელსაც მე-15 წუთზე ურუგვაელი ნახევარმცველი მატიას ვესინო გაუგდეს (დღეს „ლაციოშია”), 2:1-ს იგებდა, მაგრამ 87-ე და 89-ე გაშვებული გოლების გამო დამარცხდა. ამ შეხვედრაშივე იყო რაფინია-პიანიჩის ეპიზოდი, როდესაც მსაჯმა იუვენტუსელი პიანიჩი დაინდო და წითელი ბარათი არ ამოუღო. კონკურენტის ასეთმა გამარჯვებამ ტელევიზორთან შექუჩული „ნაპოლის” ფეხბურთელები დაზაფრა და ისინი მეორე დღეს მოედანზე ყურებჩამოყრილები გავიდნენ. ეს ამბავი „აძურის” ისტორიაში „სასტუმროში დაკარგული სკუდეტოს” სახელით არის შესული.
და ახლა მთავარი: იმ „ინტერის” თავკაცი, რომელმაც „იუვენტუსთან” ბოლო წუთებში ორი გოლი გაუშვა და სარის „ნაპოლი” წაახდინა, გახლდათ ლუჩანო სპალეტი, რომელსაც გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე ხუთი წლის წინანდელი გაახსენეს. მან უპასუხა:
„სარი ამბობს, რომ მაშინ სკუდეტო სასტუმროში დაკარგა? ეს მისი შესაფასებელია. ვიცი, რომ მისი აზრით ჩვენმა (ანუ „ინტერის”) იმდღევანდელმა შედეგმა საჩემპიონო რბოლაზე ძალიან იმოქმედა. ჩვენ მართლაც ვიგებდით. შემდეგ მე ფეხბურთელები შევცვალე და ამ ცვლილებებს მოჰყვა ყველაფერი, რაც მაშინ მოხდა. „იუვენტუსმა” ისარგებლა და მოიგო, მაგრამ დრო რომ დააბრუნოთ, ახლაც იმავეს გავაკეთებდი, რადგან თითქმის მთელი თამაში 10 კაცით ვიყავით და უკვე ძალიან გვიჭირდა”.