სერია A-ს ბოლო ტურში, „კრემონეზესა” და „რომას” შეხვედრაში, კრემონელების სენსაციურ გამარჯვებაზე მეტი ყურადღება სტუმართა მწვრთნელის ჟოზე მოურინიუს გაძევებამ მიიპყრო. პორტუგალიელს მსაჯმა ყვითელი ბარათი მეორე ტაიმის დასაწყისში აჩვენა, რასაც წინ „განსაკუთრებულისა” და მეოთხე მსაჯის, მარკო სერას შელაპარაკება უძღოდა. სერამ მოურინიუს რაღაც ისეთი უთხრა, რომ „რომას” თავკაცმა თავი ვეღარ შეიკავა და როდესაც მთავარი მსაჯი მას აძევებდა, ის ყვიროდა, ჩემი ბრალი არ არის, ამან გამომიწვიაო. მოუმ მერეც რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მეოთხე მსაჯს არ ეყოფა ვაჟკაცობა, რათა თქვას, თუ რა მოხდა სინამდვილეში. იტალიურ სოცქსელებში ტრიალებს ვიდეო, სადაც სერა მოურინიუს თითქოს აგინებს, მაგრამ ამ ჩანაწერის სანდოობა ჯერ გასარკვევია.
მოურინიუს ორთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. საქმე სხვადასხვა დონეზე ჯერ კიდევ უნდა გაირჩეს. „განსაკუთრებული” სამოქალაქო სასამართლოთი იმუქრება. რომაულმა გაზეთმა „კორიერე დელო სპორტმა” კი წარსული გაქექა და ნახა, რომ ტურინელ სერას „რომასთან” ადრეც ჰქონია პრობლემები. სერას ტურინელობას კი იმიტომ უსვამენ ხაზს, რომ ამით „იუვენტუსის” ფაქტორზე მიანიშნონ.
სერასა და „ჯალოროსის” შორის პირველი კონფლიქტი 2012 წელს მომხდარა, როდესაც ვიარეჯოს ახალგაზრდულ ტურნირზე „რომას” პრიმავერა ანუ ასაკობრივი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე მექსიკურ „სანტოს ლაგუნას” ხვდებოდა. რომაელების მწვრთნელი გახლდათ ალბერტო დი როსი. შეხვედრა მექსიკელების გამარჯვებით 2:0 დამთავრდა. „რომამ” შეხვედრა 9 კაცით დაასრულა. სერამ მოედნიდან სტეფანო საბელი (დღეს სერია B-ს „ბრეშაში” თამაშობს) და „ნაპოლის” გულშემატკივართათვის კარგად ნაცნობი მატეო პოლიტანო გააძევა.
მეორე კონფლიქტი კი იმავე ვიარეჯოს ტურნირზე 2015 წელს მოხდა. ამჯერად ერთმანეთს „რომასა” „ინტერის” პრიმავერები ხვდებოდნენ. „ინტერმა” 4:0 გაიმარჯვა. რომაელებმა ისევ რიცხობრივ უმცირესობაში, 8(!) კაცით დაასრულეს თამაში. სამიდან „ჯალოროსისთვის” ყველაზე აღმაშფოთებელი რიკარდო მარკიზას (ის დღეს „ემპოლიში” თამაშობს) გაძევება იყო, რადგან მან მეტოქე საჯარიმოს კიდესთან წააქცია, სერამ კი გარდა იმისა, რომ წითელი ააფრიალა, პენალტიც დანიშნა.