სერია A-ში „ბოლონიამ” „ინტერს” 1:0 მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” მდევრებს არც მეტი, არც ნაკლები 18 ქულით უსწრებს.
ცხრილში ასეთმა დაწინაურებამ ფეხბურთის ნიადაგზე ისედაც შეშლილ ნეაპოლში სრული სიგიჟე გამოიწვია.
Quartieri Spagnoli-ში ანუ ესპანურ უბანში სადაც ისეთ ნეაპოლურს ლაპარაკობენ, რომ ჩრდილოეთიდან ჩასულ იტალიელს შეიძლება გვარიანი დაძაბვაც დაჭირდეს, გაჩნდა ეგრეთწოდებული ინსტალაცია — ქუჩაში დააყენეს „ნაპოლის” მთელი შემადგენლობა (მასალას ვერ გეტყვით), მერეტით დაწყებული, ოსიმენით დამთავრებული. გვერდით სპალეტიც უდგას.
საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ნეაპოლში ცრუმორწმუნე ხალხი ცხოვრობს, მაგრამ დღეს, როდესაც ჩემპიონატის დამთავრებამდე 14 ტურია დარჩენილი და ძნელი წარმოსადგენია, რომ „პარტენოპეელებმა” 18 ქულიანი უპირატესობა ხელიდან გაუშვან, ვეზუვის ძირში ემოციებს ვეღარ მალავენ.
გუშინ „მილანმა” „ატალანტას” მოუგო 2:0, რითაც თანაქალაქელ „ინტერს” წამოეწია და ახლა ნეაპოლელებს მილანის ორი გუნდი ერთად მოსდევს — მათ ქულათა თანაბარი რაოდენობა აქვთ: 47.
თუ ნაპოლი ჩემპიონი გახდება, ის ტიტულს მესამედ მოიპოვებს. დიეგო მარადონას ეპოქის შემდეგ „აძურის” სკუდეტო არ მოუგია, არადა მას მერე 33 წელია გასული.