ორი წაგებით ორ უდიდეს სპორტულ ფორუმზე მოხვედრილ გუნდს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გარდა, ვერ ვიხსენებთ…
2011 წლის 5 სექტემბერს ჩვენმა ნაკრებმა გადამწყვეტი მატჩი ბულგარეთთან 69:79 წააგო და ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა.
2023 წლის 26 თებერვალს, ჩვენებმა ისლანდიასთან (77:80) ასევე გადამწყვეტი მატჩი დათმეს, მაგრამ მსოფლიოზე გავიდნენ.
თუ პირველ შემთხვევაში საქმეში იღბალი ჩაერია, მეორე შრომით მოვიდა. მოვიდა წვალებით, ოფლის ღვრით, ნერვიულობით… თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, რომ იღბალმა აქაც მიგვატოვა…
პირველად მაშინ „გაგვიმართლა“, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო. შედეგად, რუსეთის ნაკრები ტურნირიდან ჩახსნეს და ნაცვლად ჩვენთან ჯგუფში ბევრად სუსტი ისლანდია მოხვდა.
მეორედ მაშინ გაგვიმართლა, როდესაც ორივე გუნდის ტრავმირებული ლიდერებიდან (თორნიკე შენგელია, ელვარ ფრიდრიქსონი), რეიკიავიკური მატჩისთვის, მოედანს მხოლოდ საქართველოს ნაკრების ლიდერი დაუბრუნდა. ამასთან, ისიც წაგვეხმარა, რომ თოკოს გუნდის, „ბოლონიას“ ევროლიგური მატჩი 2 დღით ადრე გადაწიეს და კაპიტანმაც ისლანდიაში ჩასვლა მოახერხა. იქ კი, მის გარეშე მოვიგებდით თუ არა, რთული სათქმელია. სამაგიეროდ, ფრიდრიქსონი უკვე სათბილისოდ დაბრუნდა და სისხლიც გაგვიშრო – 25 ქულა დააგროვა.
გაგვიმართლა მაშინაც, როცა ბოლო წამზე თად მაკფადენმა სამქულიანი ვერ ჩააგდო და თამაში დამატებით დროში არ გადავიდა. წამის შემდეგ კი როცა ჩვენებმა ზეიმი დაიწყეს, მაკფადენი გაკვირვებული იყურებოდა, ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა, წაგებულზე რატომ ვზეიმობდით… იქამდე არავის აეხსნა, რომ მინუს სამი ქულა ჩვენი იყო…
მოკლედ, მოგვიგეს ისლანდიელებმა, მაგრამ მათთვის საჭირო ანგარიშით – ვეღარ. ფრიდრიქსონმა 3 ქულაზე მეტით ვერ გადაფარა შენგელიას, გიორგი შერმადინისა და თად მაკფადენის ჩინებული თამაში. თუმცა, კიდევ ერთხელ მაშინ გაგვიმართლა, როცა ისლანდიელებმა ბოლო შეტევა გააცუდეს. არადა, სასურველი ანგარიშის დასაფიქსირებლად ერთი ქულაც ჰყოფნიდათ. ვერ მოახერხეს. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ქართველ კალათბურთელებს არ უშრომიათ და მარტო იღბალს მიენდნენ. არა, მათზე აუგის თქმას ნამდვილად არ ვაპირებთ. პირიქით, მადლობა ამ ზღვა სიხარულისთვის…
აქ უნდა მივადგეთ მტკივნეულ საკითხს. რა იქნება მსოფლიოზე ?! იქაც ისევ სამი კალათბურთელის ზურგზე უნდა გადაიაროს ყველაფერმა? იქაც დაულაგებელი და კომბინაციის გარეშე გუნდით უნდა ვითამაშოთ? მარტო შენგელიას ინდივიდუალიზმის, მაკფადენის სამქულიანისა და შერმადინის სიზუსტის იმედად უნდა ვიყოთ? იქ სხვა დონე იქნება და სხვა კალათბურთი დაგვჭირდება.
რამენიმე ადამიანის ჟინით ფონს გასვლას ვერ შევძლებთ. დარწმუნებული ვართ, კალათბურთელები დაუზარებლად შეასრულებენ იმ დავალებებს, რასაც მისცემენ, მაგრამ ამ დავალებებში ცვლილებებია საჭირო: მეტი მონახაზი, მეტი კომბინაცია, მეტი სისწრაფე, მეტი დაცვითი ფუნქციების შესრულება, მეტი…
პერიმეტრს რომ თითქმის ყველა გუნდი გვიგებს, ეს სიახლე ნამდვილად არ არის;
! ბოლო პერიოდში მოვუხშირეთ საკუთარი ფარის წაგებას
! გვიჭირს სისწრაფეზე გადასვლა და პირველი შეტევის წამოწყება
! მუდმივად გვაწუხებს გამთამაშებლის პრობლემა და სანახავია ახალი კადრები: გაუგებარია რა ეტაპზეა ამერიკის G ლიგაში მოთამაშე გიორგი ბეჟანიშვილის საკითხი და გადაწყდება თუ არა მისი საქართველოს მოქალაქეობა
! გაუგებარია, რა დონის კალათბურთელები გვყავს NCAA-ში, სადაც ბევრია საინტერესო ქართველი, მაგრამ საქმეში ჯერ არ გვინახავს
! გაუგებარია იმ კალათბურთელების „ამოჩემება“, რომლებიც მოედანზე არ გადიან და მუდმივად სათადარიგოთა სკამზე არიან
… ეს ყველაფერი დასალაგებელია და ამ საქმის მოგვარება-დალაგებას კვალიფიციური სპეციალისტი სჭირდება. კარგია ილიას ზუროსი, შედეგებს მიგვაჩვია, ჰქონდა ჩავარდნებიც. მთლიანობაში, მასთან დაკავშირებით, ბევრი კარგი პერიოდი გვახსენდება, თუმც ვფიქრობთ, ამ ბერძენმა კაცმა საქართველოს ნაკრებში შესაძლებლობები ამოწურა.
ადამიანური თვალსაზრისით, მსოფლიო ჩემპიონატის წინ მისი გაშვება, ცოტა უხერხული იქნება, მაგრამ, მონდიალის შემდეგ…