იტალიურმა „კორიერე დელო სპორტმა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში, ფრანკფურტში 2:0 გამარჯვების შემდეგ „ნაპოლის” 5 ფეხბურთელზე გაამახვილა ყურადღება და მართალია მათ შორის ყველაზე დაბალი შეფასება 6+ ქართველ ხვიჩა კვარაცხელიას მისცა, ვფიქრობთ რომაელი ჟურნალისტების მოსაზრება საინტერესოა. დავიწყოთ იმით, რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს:
კვარაცხელია, მენტალური ვარჯიში: 6+
ისიც ადამიანია. არა, მთლად ადამიანი მაინც არ არის, მაგრამ გარკვეულწილად გახლავთ. ყოველ შემთხვევაში ცოტა ხნით. ისე გამოჩნდა, თითქოს მისთვის ეს იყო კლასიკური ცუდი საღამო, რომელიც დროგამოშვებით დაუდგებათ ხოლმე ფეხბურთელებს. მას არ მოეწონა რომ მეტოქის დაცვამ ძალიან დიდი ყურადღება დაუთმო და გადმოვარდნილ ბურთებსაც ვერ გაართვა მაინცდამაინც თავი. გარდა ამისა ვერ გაიტანა პენალტი, რასაც კიდევ კარგი ძალიან მალე ოსიმენის გოლი მოჰყვა და ამ ამბავს დიდი მნიშვნელობა აღარ შეუძენია. მაგრამ, მან მაინც გამოამჟღავნა ის თვისება, რომლებითაც მარტო დიდი მოთამაშეები გამოირჩევიან: გული არ გაიტეხა. და ფაქტია, რომ მის მიერ ქუსლით შესრულებული საგოლე პასი თამაშის მარგალიტი იყო. ამდენად მას ასე ვაფასებთ: პირველ ტაიმში საშუალო თამაშისთვის 5, ხოლო მეორე ტაიმისთვის — 7. საშუალოდ გამოდის 6, რასაც უტეხი ხასიათის გამო + ნიშანს ვამატებთ.
ოსიმენი, ევროკავშირის პრეზიდენტი: 7.5
სათქმელი აღარაფერია. მის და კვარაცხელიას წყვილში, რომელიც იტალიაში ასე კარგად მუშაობს და ყველა სხვა წყვილს სჯობია, ის საუკეთესოა: ოსიმენი ევროკავშირის პრეზიდენტია. მასზე საზღვრის გადაკვეთას არ უმოქმედია და გააკეთა ის, რასაც ჩვეულებრივ აკეთებს ხოლმე: ითამაშა როგორც მონსტრმა. ის იყო ჭკვიანი, როგორც პროფესორი „ქაღალდის სახლიდან”, სწრაფი, როგორც ფლეში და კარის წინ დაუნდობელი, როგორც ვოლდემორტი. ოსიმ მეტოქეს ბურთი წაღლიტა. მცველს, რომელიც წიწილას დაამსგავსა ფეხის გამოკვრის მეტი აღარაფერი დარჩენოდა. ამის მერე ის თავად გახდა გადამწყვეტი დარტყმის ავტორი, ლოსანოს პასს დროულად შეეხმიანა და გერმანული გუნდის დაცვა დაბნეული და დარდიანი დატოვა.
ირვინგ ლოსანო, ჟანგბადით უწყვეტი მომმარაგებელი: 7.5
გაუჩერებელი. ყველა კვარასკენ იყურებოდა, მან კი თავის ფრთაზე იმდენჯერ ჩაიქროლა, რომ სულშეხუთულმა მცველებმა ვეღარ გაიგეს საიდან ჰქონდა ჟანგბადის ასეთი მარაგი. მან ჯერ ძელს გაარტყა ბურთი, შემდეგ კი ოსიმენს ოქროს პასი მიაწოდა. ის ისეთ ეშხში შევიდა, რომ სულ მალე გერმანელების დაცვა ისევ წამოეგო მის რეიდზე.
დი ლორენცო, ცხელი ყინული: 7.5
იმ ეპიზოდში, როდესაც ლოსანომ ძელს გაარტყა ბურთი დი ლორენცომ მას ისეთი პასი მიაწოდა, რომ მეტოქის ნახევარმცველები გონს ვერც კი მოეგენ. მართალია, რამდენიმეჯერ შეცდა, მაგრამ ეს შეცდომები თვითონ გამოასწორა. ის თამაშში ფიზიკურად და რაც უფრო მთავარია მენტალურად იყო ჩართული. ისე იყო კონცენტრირებული, გეგონება ფინალს თამაშობდა. ამ შეხვედრაში ის მეტოქის რიგებში სივრცეებს ამჩნევდა და აძვრენდა პასებს, რომელთა წყალობით შეტევები „აინტრახტის” კარისკენ უმოკლესი გზით ვითარდებოდა — შევარდნის თვალი აღმოაჩნდა. გოლის გატანას ნამდვილად იმსახურებდა.
ლობოტკა, დირიჟორი და პირველი ვიოლინო: 7
თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ვითარებაში გაერკვა და დაიწყო იმის კეთება, რაც ყველაზე კარგად ეხერხება — ორკესტრს ბეპე ვესიკიოზე უკეთ უდირიჟორა. ჩინებული პასი მიაწოდა ლოსანოს, რომლის მერეც მექსიკელმა ოსიმენს საგოლე გადაცემა გაუკეთა. ერთი სიტყვით, დირიჟორობის გარდა ვიოლინოზე დაკვრაც იკისრა.